საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები შემცირდეს, მაგრამ, მისივე თქმით, პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, როდესაც ეს საგამოძიებო პროცესი დასრულდება.

"საკმაოდ დეტალებზე მესაუბრებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ბოლო დღემდე შესაძლებლობა უნდა მივცეთ გამოძიებას, რომ დადგინდეს სიმართლე. ამიტომ, ბევრჯერ დამატებითი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, პროცესია და გამოჩნდება ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მაგრამ ამით თვითონ გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული. ამიტომ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ", — განაცხადა გახარიამ.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.