აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განაახლებს.

"თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს", — განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

5 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ, საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. აჭარის ტელევიზიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა.