მანჩესტერის პოლიციამ დაადასტურა, რომ ოლდ ტრაფორდზე 15 მაისს აღმოჩენილი საეჭვო ნივთი, რის გამოც სტადიონზე ევაკუაცია გამოცხადდა და პრემიერ ლიგის მატჩი ჩაიშალა, ნამდვილი ბომბი არ ყოფილა. ეს იყო საწვრთნელი ნივთი, რომელიც კერძო კომპანიის თანამშრომელს სტადიონზე არსებულ ტუალეტში შემთხვევით დარჩა.

ოლდ ტრაფორდზე პრემიერ ლიგის ფარგლებში Manchester United–სა და Bournemouth–ის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა, აღმოჩენილი საეჭვო ნივთისა და პოლიციის გამოძახების შემდეგ, საფეხბურთო მატჩი ჩაიშალა.

BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერის მერმა ტონი ლოიდმა თქვა, რომ ეს არის "მიუღებელი" და საჭიროა შემთხვევის "სასწრაფო" გამოძიება, "თუ როგორ და რატომ მოხდა ეს და ვინ არის პასუხისმგებელი".

მისივე თქმით, ფანების ნაწილი შორიდან იყო მოსული, მათ დახარჯეს დრო და ფული, რათა საყვარელი ფეხბურთის გუნდის თამაშისთვის ეყურებინათ, გარდა ამისა, ათეულობით ათასი ადამიანის სტადიონიდან ევაკუაცია ყოველთვის არის დაკავშირებული უსაფრთხოების რისკთან.

Manchester United ყველას, ვისაც თამაშის ბილეთი ნაყიდი ჰქონდა, უკან დაუბრუნებს ბილეთის ფულს და სამშაბათის მატჩზე უფასოდ დასწრების საშუალებასაც მისცემს, გარდა ამისა, შეღავათით ისარგებლებენ სეზონური ბილეთების მფლობელებიც. აღნიშნული ხარჯი საფეხბურთო კლუბს £3 (დაახლოებით 9.5 მილიონი ლარი) დაუჯდება.