აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობის 2 წლით გაგრძელება გამოაცხადა. ელჩის განცხადებით, პარტნიორობის გაგრძელების მიზანი 13 რეგიონულ ცენტრში საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

"საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას, უმუშევრობის შემცირებასა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას", — აცხადებენ საელჩოში.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება, ასევე, ხელს უწყობს ისეთ დამატებით პროექტებს, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, ანტიდასავლური ნარატივების წინააღმდეგ მდგრადობის გაზრდა, კონფერენციებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და სხვა თემებს.