რა რეაქცია გექნებოდათ, ზუსტად რომ იცოდეთ, რომ ალცჰაიმერი კონკრეტული დროის შემდეგ გამოგივლინდებათ? პანიკაში ჩავარდნა საჭირო არაა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ალცჰაიმერისგან თავის დასაცავად იარაღი ნამდვილად არსებობს და ეს ღრმა ძილია.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ ძილი ბროლის ბურთივითაა, რომელიც გვეუბნება როდის და რამდენად სწრაფად განვითარდება ალცჰაიმერი თქვენს ტვინში", — განაცხადა კვლევის ავტორმა მეთიუ ვოლკერმა.

ვოლკერმა და მისმა კოლეგებმა 32 ჯანმრთელი მოხუცის ძილის ხარისხი და ტვინში არსებული ტოქსიკური ცილა, ბეტა ამილოიდი შეამოწმეს, რომლის დაგროვებაც ალცჰაიმერის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს — იგი მოგონებებს ანადგურებს და ტვინის სხვა ფუნქციებზეც ახდენს გავლენას.

შედეგებმა ჩვენა, რომ კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებიც მეტ ფრაგმენტირებულ ძილსა და ნაკლებ ღრმა ნელ ძილს განიცდიდნენ, ბეტა ამილოიდების რაოდენობის ზრდის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ.

"იმის მაგივრად, რომ დაველოდოთ თუ როდის გამოიგონებს ვინმე დემენციის მკურნალობის გზას, ჩვენ შეგვიძლია ძილის ხარისხის მიხედვით ბეტა ამილოიდებში ცვლილებები ვივარაუდოთ. ასე შევძლებთ გავზომოთ თუ რამდენად სწრაფად გროვდება ეს ტოქსიკური ცილა ტვინში დროთა განმავლობაში და შესაბამისად, გავიგებთ თუ როდის შეიძლება დაიწყოს ალცჰაიმერი", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ჯოზეფ ვინერმა.

აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ ძილი ტვინს ბეტა ამილოიდებისგან ასუფთავებს, თუმცა ახალი მიგნების მიხედვით, კოგნიტური უნარების გაუარესების თავიდან აცილებაში კონკრეტულად ღრმა ნელი ძილი გვეხმარება.

კვლევაში მონაწილე 32 ინდივიდის ასაკი 60-90 წლამდე მერყეობდა, ექსპერიმენტის დროს თითოეულ მათგანს ღამის განმავლობაში 8 საათი ეძინა, ამ დროს კი პოლისომნოგრაფი ტვინის ტალღებს, გულის ცემის სიხშირეს და სისხლში ჟანგბადის დონეს ზომავდა.

"ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების ძილის ხარისხსა და ალცჰაიმერის დროს ტვინში მიმდიანრე პროცესებს შორის კავშირია. მაგრამ ის, რაც აქამდე არ გამოკვლეულა ისაა, თუ რამდენად შეგვიძლია ამჟამინდელი ძილის ხარისხით ვიწინასწარმეტყველოთ რა მოხდება წლების შემდეგ", — განაცხადა ვინერმა.

კვლევის შემდეგ ეტაპზე მეცნიერები იმ მოხუცებს დააკვირდებიან, რომელთაც ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკი ჰქონდათ და ეცდებიან, ძილის გაუმჯობესებით პროცესი შეაბრუნონ.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.