პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის განცხადებით, პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება. ასე გამოეხმაურა ის NDI-ს მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ვირტუალურ რეჟიმში დაკვირვებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ოპონენტებისათვის "ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში". ვოლსკის აზრით, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება საერთაშორისო დამკვირვებლებს დეზინფორმაცია მიაწოდოს.

"წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერი არის. ფაქტია, რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე, როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს", — განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 31 ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს NDI დისტანციურ რეჟიმში დააკვირდება. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი NDI-ს პრეზიდენტ, დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობიან. მათივე ცნობით, ამასთანავე, NDI, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო NDI-სა და IRI-ს დამკვირვებლების არჩამოსვლის საკითხი განიხილება. თუმცა, მისივე თქმით, დიდი რაოდენობით დამკვირვებლებს ელოდებიან ეუთოდან, ოდირიდან და სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან.