შესაძლოა, სილქი (Silk) გახდეს მარველის ახალი პერსონაჟი, რომელიც საკუთარ სერიალს მიიღებს.

Sony, რომელიც ამჟამად ადამიანი-ობობას სამყაროზე ფლობს უფლებებს, სილქის შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავს. სცენარის ავტორი ლორენ მუნი იქნება, რომელიც, სილქის მსგავსად, კორეელ-ამერიკელია. მის ნამუშევრებს შორისაა Good Trouble და ნეტფლიქსის Atypical.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები ფილ ლორდი და კრის მილერი იქნებიან, ასევე Sony Pictures Entertainment-ის ყოფილი ხელმძღვანელი ემი პასკალი. ჯერჯერობით სერიალი არცერთ ქსელსა თუ სტრიმინგის სერვისზე არაა მიბმული, მაგრამ, წყაროების ცნობით, პროექტის შეძენას Amazon ცდილობს იმ პერსონაჟების სხვა პოტენციურ სერიალებთან ერთად, რომლებსაც Sony ფლობს.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ სონი სილქის ცალკეულ ფილმზე მუშაობის ადრეულ ეტაპზე იყო. მოგვიანებით იმავე წელს ითქვა, რომ კომპანია Spider-Man: Into the Spider-Verse-ის სპინ-ოფის გადაღებას გეგმავდა მთავარ როლში ქალი პერსონაჟით, პოტენციურად სილქის, Spider-Gwen-ისა და Spider-Woman-ის მონაწილეობით.

ფოტო: Marvel

სილქის ნამდვილი სახელი სინდი მუნია და ის პიტერ პარკერის კორეელ-ამერიკელი კლასელია. პერსონაჟი კომიქსებში პირველად 2014 წელს გამოჩნდა The Amazing Spider-Man #1-ში. პარკერის მსგავსად, მასაც რადიოაქტიურმა ობობამ უკბინა და მისცა იმის უნარი, რომ წარმოუდგენლად სწრაფად ირბინოს, თითებიდან ქსელი გამოუშვას და გაუმჯობესებული ობობის ალღო, ე.წ. სპაიდერ-სენსი, ჰქონდეს (რომელსაც სილქ-სენსი ჰქვია). 2017 წლის Spider-Man: Homecoming-ში ამ პერსონაჟის როლი ტიფანი ესპენსენმა შეასრულა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობს სერიალშიც.

როდესაც Sony-მ ლორდსა და მილერთან ახალი კონტრაქტი დააანონსა, ცნობილი გახდა, რომ ისინი სტუდიასთან Sony-ს კუთვნილი მარველის პერსონაჟების რამდენიმე სერიალზე იმუშავებდნენ, მათგან პირველი კი, როგორც ახლა გაირკვა, სილქზე იქნება. შეთანხმება წყვილს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროექტები შექმნან კომპანიის ქსელური, საკაბელო და სტრიმინგ პლატფორმებისთვის, ასევე შეიმუშაონ და უხელმძღვანელონ სხვა სცენარისტების პროექტებს. დუეტმა Sony-სთვის ბოლოს ოსკაროსან ანიმაციურ ფილმ Spider-Man: Into the Spider-Verse-ს უპროდიუსერა, ლორდმა კი მისი სცენარის დაწერაშიც მიიღო მონაწილეობა.