ღია პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ამერიკელ კონგრესმენს ადამ კინზინგერს მიკერძოებული უწოდა მას შემდეგ, რაც კინზინგერმა პატრიოტთა ალიანსი არასახელწიფოებრივი გზავნილებისთვის გააკრიტიკა.

"საერთოდ არ მაინტერესებს ბატონი კინზინგერი რას ფიქრობს, ჩემს თვალში და წარმოდგენაში საკმაოდ რეპუტაცია შელახული პირია, მიკერძოებული, ცალმხრივი და პირდაპირ ვაკავშირებ მას სააკაშვილთან და ბოკერიასთან", — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია თურქეთის ოკუპანტად წარმოჩენის მცდელობით და ამას რუსეთის მცდელობადაც აფასებს. განცხადებაში ის პატრიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში განთავსებულ ბანერს ეხმიანება, სადაც აჭარა ოკუპირებულ რეგიონად იყო წარმოჩენილი.

"შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს აჭარა თურქეთის ოკუპაციის საფრთხის ქვეშაა. ეს სისულელეა, თურქეთი საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი არის რუსეთის მცდელობა, საქართველოს ტეროტორიების ოკუპირებიდან ყურადღება გადაიტანოს და ჩაერიოს მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, გაასაჯაროვონ უცხოური ფინანსური მხარდაჭერების ვინაობა და თავი შეიკავონ საფრთხის შემცველი რიტორიკისგან", — წერს კონგრესმენი twitter-ზე.

პრორუსულმა პარტიამ, პარტია პატრიოტთა ალიანსმა განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, პატრიოტთა ალიანსს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

თავად პატრიოტთა ალიანსში კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს ჰგონია, რომ ეს "აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ" მიმართული ქმედებაა. ინაშვილი ამტკიცებს, რომ თურქეთი ახორციელებს ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიას. მოსაზრების დასატმკიცებლად ის იშველიებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციებს ე.წ. ოსმალეთის იმპერიის თურქული გეგმების შესახებ.

პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორამციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ "თურქეთიც ოკუპანტია". მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტითურქული რიტორიკა. ამავდროულად, პარტია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკით.