თამარ ბაჩალიაშვილისთვის წამლების ურეცეპტოდ მიყიდვასთან დაკავშირებით, პროკურატურა აცხადებს, რომ ვიდეო ჩანაწერები ამოღებულია და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებიც დაკითხეს. ასე უპასუხა პროკურორმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა სააფთიაქო დანაშაულის ნიშნები და ხომ არ მიყიდეს ბაჩალიაშვილს კონკრეტული მედიკამენტები ურეცეპტოდ.

"ისევე როგორც ამოვიღეთ კონკრეტული ვიდეოჩანაწერები, ასევე, დაკითხულია [სააფთიაქო ქსელის] ყველა წარმომადგენელი. შესაბამისად, ამ კუთხითაც გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მიღებული", — განანცხადა პროკურორმა.

პროკურატურამ დღეს 4 სექტემბერს გაასაჯაროვა ვიდეოკადრებიც, რომლებშიც მათი თქმით, ასახულია, როგორ ყიდულობს ბაჩალიაშვილი წამლებს. მათივე თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ 17 ივლისს ბაჩალიაშვილი გუგლში ეძებდა ინფორმაციას ამ მედიკამენტების შესახებ.

უწყების ცნობით, ექსპერტიზამ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში სხვადასხვა პრეპარატის შემცველი ნივთიერებები არსებობა დაადასტურა. პროკურორის განცხადებით, მედიკამენტების ოდენობა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას ასჯერ აღემატება.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გაიგეთ მეტი: