გამოცდილი აქტივისტი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის აფრო-ამერიკული ისტორიის პროფესორი ჯესიკა კრუგი წლების განმავლობაში შავკანიანობას იჩემებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის, სინამდვილეში, თეთრკანიანი იყო კანზას-სიტიდან.

ჯესიკა კრუგმა კულტურული ინსტიტუციების, მაგალითად, შომბერგის შავკანიანთა კულტურის კვლევის ცენტრის, ფინანსური მხარდაჭერა გამოიყენა იმ წიგნისთვის, რომელიც მან ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობიდან გაქცეულთა წინააღმდეგობაზე დაწერა. Medium-ზე განთავსებული პოსტის მიხედვით, რომელიც, ოფიციალური ცნობით, თვითონ კრუგის დაწერილია, მისი კარიერა "ტყუილების მომწამლავი ნიადაგიდან" იყო აღმოცენებული.

"მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში მე უფრო და უფრო გავურბოდი იმ ფაქტს, რომ თეთრკანიანი ებრაელი ბავშვი ვიყავი კანზას-სიტის გარეუბნიდან, და შავკანიანობის მრავალი ისეთი იდენტობის ქვეშ ვინიღბებოდი, რომლის მითვისების უფლებაც არ მქონდა: თავიდან ჩრდილო-აფრიკელი შავკანიანი, შემდეგ აშშ-ში ფესვგადგმული შავკანიანი, მერე კი კარიბული წარმომავლობის ბრონქსელი შავკანიანი", — დაწერა მან.

აქტივისტთა წრეებში კრუგი ჯესიკა ლა ბომბალერას სახელით მოღვაწეობდა. ივნისში ის პოლიციის სისასტიკისადმი მიძღვნილ ნიუ-იორკის საჯარო მოსმენაზე გამოვიდა სიტყვით:

"მე ჯესა ბომბალერა ვარ. მე აქ ვარ, ელ-ბარიოში, ისტ-ჰარლემში — ალბათ, გსმენიათ, რადგან ჩემი დაწყევლილი უბანი გამშენებლებსა და ჯენტრიფიკატორებს მიჰყიდეთ. მინდა, ახსნა-განმარტება მოვთხოვო ყველა თეთრკანიან ნიუ-იორკელს, რომელიც ოთხი საათი იცდიდა ჩვენთან ერთად, რათა გამოსვლის საშუალება გვქონოდა, შემდეგ კი თავისი დრო შავკანიან და ყავისფერკანიან ადგილობრივ ნიუ-იორკელებს არ დაუთმო".

მათ, ვინც კრუგს ლა ბომბალერას სახელით იცნობდა, სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოხატეს. "გაოგნებული ვარ და ჯერ კიდევ ჩემს ემოციებს ვაანალიზებ, თუმცა დიდწილად მგონია, რომ მიღალატეს, გაბრაზებული ვარ და თავს სულელად ვგრძნობ", — დაწერა ავტორმა რობერტ ჯონსმა ტვიტერზე.

2018 წელს ჯონსმა კრუგთან თავისი საუბრები გამოაქვეყნა იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ის ადამიანთა მარგინალიზებული ჯგუფების შესახებ წერდა.

კრუგი თავის პოსტში საუბრობს ტრავმულ ბავშვობასა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე, თუმცა ამბობს, რომ არ სწამს, რომ ისინი მის საქციელს ამართლებს.

"მთელი ცხოვრება, ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც, მენტალური ჯანმრთელობის რაღაც დემონებს ვებრძოდი, რომლებსაც ვერ გავუმკლავდი, ეს აშკარაა. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ალბათ, ხსნის იმას, თუ რატომ მივითვისე ყალბი იდენტობა თავდაპირველად, ახალგაზრდობისას, და რატომ გავაგრძელე ეს ამდენ ხანს.

თუმცა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები არ და ვერ ახსნის და გაამართლებს, ვერც მაპატიებს იმას, რომ, იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი და რეგულარულად ვაკრიტიკებდი ნებისმიერ არაშავკანიან ადამიანს, რომელიც შავკანიანთა კულტურის მითვისებას ცდილობს, ჩემი ყალბი იდენტობა მთლიანად შავკანიანთა ცხოვრებაზე იყო დაშენებული", — დაწერა მან.