მაღაროელებს მიმდინარე წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ - ეს განცხადება 25 თებერვლის მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით დაინტერესდა. მან ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.

„ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განმარტებით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხის დარეგულირება.

"ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ტყიბულელმა მაღაროელებმა ორი დღის წინ მოითხოვეს მათი გაფიცვის საქმეში პოოლიტიკური თანამდებობის პირები ჩართულიყვნენ. მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშები ერთ კვირაზე მეტია გაფიცულები არიან. ისინი კომპანიისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მომატებას მოითხოვენ.