ამერიკულმა სტარტაპმა, Nano Diamond Battery-მ წარმოადგინა ბეტა გალვანური ელემენტის პროტოტიპი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში იმუშავებს და თავის თავს დატენის. სტარტაპმა აღნიშნული პროდუქტი რამდენჯერმე გატესტა, ახლა კი კომერციული წარმოებისთვის ემზადება. პროექტის ერთ-ერთი ინვესტორია სტარტაპ ინკუბატორი Volkswagen Future Mobility.

როგორ მუშაობს?

ნებისმიერი ბირთვული რეაქტორი გამოყოფს ბირთვულ ნარჩენებს და ეს პროცესი მსოფლიოს თავსატეხს უჩენს. ნარჩენების გადაადგილება უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული, ისევე, როგორც მათი ადგილზე დატოვება. მათ დაშლას ათასობით წელი უნდა, რაოდენობა კი წლიდან წლამდე იმატებს. კალიფორნიაში არსებული კომპანია NDB ირწმუნება, რომ ამ პრობლემისთვის ეფექტური გამოსავალი აქვს. კომპანიის მიერ შექმნილ თვითტენვად ელემენტს შეუძლია, 28 000 წელი გაძლოს. ნაცვლად შენახული ენერგიის გამოყენებისა, ეს ელემენტი თავად წარმოქმნის მუხტს. ბირთვული ნარჩენები ნახშირბად-14-ის ალმასებად გარდაიქმნება, რომლებიც ენერგიას გამოყოფენ. იმისთვის, რომ ელემენტები უსაფრთხო იყოს, ისინი ალმასის მეორე ფენით იფარება. კომპანია ამბობს, რომ ელემენტი იმაზე ნაკლებ რადიაციას გამოყოფს, ვიდრე ადამიანის სხეული.

რამდენად უსაფრთხოა?

Nano Diamond Battery-ში გვარწმუნებენ, რომ ეს ელემენტები ადამიანისა და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა. ცდების დროს რადიაციული ფონი გარშემო დაშვებულ ნორმას არ აჭარბებდა, ხოლო ხელოვნური ალმასისგან დამზადებული გარსი წარმატებით იცავდა ელემენტის კორპუსს დაზიანებისგან. მუდმივი ელემენტის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ გამოყოფს ნახშირორჟანგს.

ბეტა გალვანური ელემენტების უსაფრთხოება დადასტურებულია ლოურენსის სახელობის ლივერმოლის ეროვნულ ლაბორატორიასა და კემბრიჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიაში. NDB-ის ელემენტის პროტოტიპის კონკურენტები ენერგიის წარმოებისას 15%-იან ეფექტიანობას აჩვენებდნენ. ხოლო კალიფორნიული სტარტაპის პროდუქტი, რომელიც ერთდროულად ნახევარგამტარისა და თბოშთამნთქმელის ფუნქციას ასრულებს, ეფექტიანობის 40%-იან მაჩვენებელს აღწევს. ელემენტის შიგნით განთავსებული ღერო დაახლოებით 28 000 წლის განმავლობაში მუშაობს. ასეთი სახით ელემენტი იმაზე გაცილებით მეტხანს იმუშავებს, ვიდრე თავად ტექნიკა, რომელსაც ამუშავებს.

როდის გაიყიდება?

NDB იმედოვნებს, რომ საკუთარი ელემენტით ნებისმიერ ინდუსტრიას მოემსახურება: დაწყებული თვითმფრინავებით, დასრულებული სმარტფონებითა და პატარა ზომის ინდუსტრიული სენსორებით. თეორიულად ელემენტები ლითიუმ-იონურ ელემენტებთან ერთადაც იმუშავებენ — ალმასის ელემენტი ზედმეტ ენერგიას ლითიუმის აკუმულატორისკენ გადაამისამართებს.

"წარმოიდგინეთ აიფონი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ელემენტით თქვენი მოწყობილობა ერთ საათში 0%-დან 100%-მდე 5-ჯერ დაიმუხტა. წარმოიდგინეთ?! ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ მოგიწევთ ელემენტის დამუხტვა მთელი დღის განმავლობაში. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ დამუხტვა არ გჭირდებათ არც უახლოესი კვირების, თვეების და წლების განმავლობაშიც კი. აი ამას ვაკეთებთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიით", — აცხადებს NDB-ის თანამშრომელი, ნილ ნაიკერი.

კომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტი ორ ამერიკულ კომპანიასთან და ისინი უახლოეს მომავალში მიიღებენ ამ მუდმივი ელემენტების პირველ პარტიას, ხოლო ინოვაციური ატომური ელემენტების კომერციული გაყიდვები წლის ბოლომდე დაიწყება.