ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას "უგუნურ და საშიშ" თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას გმობს. ამის შესახებ განცხადება საელჩომ ოფიციალურ ფეისბუქზე გაავრცელა.

"ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო საქართველოში აღნიშნავს, რომ კიბერსივრცის უსაფრთხოება სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებებზეა დამოკიდებული, ამიტომ, მათი განცხადებით, ისინი საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შეასრულებენ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს.

"ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ", — ნათქვამია განცხადებაში.

3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ კიბერშეტევა განხორციელდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებსაც, რაც ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია. შსს არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზე საუბრობს.