საქართველო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, 2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ ევროკავშირის განცხადებას კი, საქართველო შეუერთდა.

"ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მოწამლულია. გერმანიის მთავრობის განცხადებით, ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ სისტემას ანადგურებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ნავალნის მოწამვლა ფაქტებით არ არის განმტკიცებული.