თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მომაკვდინებელი ნივთიერება ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება "სისულელე და აბსურდია", რადგან მისი შემქმნელები საბჭოთა სამხედრო მეცნიერები არიან.

სესიაშვილის თქმით, როგორც ჩანს სპეცსამსახურები გათვლას არა გარე სამყაროზე, არამედ თავიანთ, რუსეთის მოქალაქეებზე აკეთებენ, რადგან მის კავშირს ლუგარის ლაბორატორიასთან არავინ დაიჯერებს.

"ლუგარზე თავდასხმა არაერთხელ გვინახავს. მე ამას ვუკავშირებ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დისკრედიტაციას რუსეთის მხრიდან. ასევე ამას ვუკავშირებ COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან საქართველო იყო ძალიან წარმატებული და რუსეთის წარუმატებლობაც შეიძლება დისკრედიტაციის ნაწილი იყოს. ამასთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდია და როგორც ჩანს, ჩვენს მტრებს არ სურთ, რომ ძლიერი საქართველო გამოჩნდეს", — აცხადებს სესიაშვილი.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთში სწორედ "ნოვიჩოკის" ტიპის საწამლავით მოწამლეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ სისტემას ანადგურებს.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, რუსეთის დუმის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება საქართველოსა და აშშ-ში მზადდება. პროსახელისუფლებო მედიის, რიას ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა მათ განუცხადა.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, კრემლში განაცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შესახებ, რადგან გერმანიის მთავრობას ოფიციალურად არ მიუწოდებია.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მოწამლულია.

2 წლის წინ სერგეი და იულია სკრიპალები, ქალაქ სოლსბერიში იგივე ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით, ე.წ "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

გავრცელებული იყო ინფორმაციაც, რომ მომწამვლელი ნივთიერების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სკრიპალის საცხოვრებელი სახლის, შესასვლელი კარის სახელურზე იყო დატანილი. პოლიციის ცნობით, გაზი "ნავიჩოკი" არეული იყო გაურკვეველ სითხეში და ამგვარი მეთოდით გადაიტანეს კარის სახელურზე.

ამავე თემაზე: