მაკენზი სკოტი — მწერალი, ქველმოქმედი და ამაზონის დირექტორის, ჯეფ ბეზოსის, ყოფილი ცოლი — ახლა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალია.

ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, სკოტის ქონება ამჟამად $68 მილიარდს შეადგენს, რითაც მან L'Oréal-ის მემკვიდრეობით მფლობელს, ფრანსუა ბეტენკურ მეიერსს გადაუსწრო.

2019 წელს ბეზოსთან გაშორების შემდეგ სკოტმა ყოფილი ქმრის ამაზონის წილების მეოთხედი მიიღო. ეს კომპანიის 4-პროცენტიან წილს შეადგენს, რაც იმ დროისათვის 35 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. ამდენად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში სკოტი ახლა უკვე მე-12 ადგილს იკავებს.

ივლისში მან განაცხადა, რომ თითქმის 1,7 მილიარდი დოლარი გასცა 116 ორგანიზაციისთვის, მათ შორის ოთხი ისტორიულად შავკანიანთა კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისთვის (ესენია კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტამდე დაფუძნდა და მეტწილად აფროამერიკელ სტუდენტებს იღებდა). სკოტის თქმით, ეს ორგანიზაციები იმ ცხრა სფეროდან ერთ-ერთს ეკუთვნიან, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ სხვადასხვა საქმეში: რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლიდან კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებამდე.

გასულ წელს სკოტმა აგრეთვე ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ დაბანდების ინიციატივას, რომელიც უორენ ბაფეტის და ბილ და მელინდა გეიტსების დაფუძნებულია. ინიციატივა მიზნად ისახავს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს მოუწოდოს, რომ საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარონ.

მხარდამჭერთა სიის მიხედვით, როგორც ჩანს, ბეზოსს — მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კაცს — ინიციატივისთვის ხელი არ მოუწერია.

Refinitiv-ის მონაცემების მიხედვით, ამაზონის აქციებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 28 პროცენტით მოიმატა და წლეულს 90 პროცენტს გადააჭარბა. ამ წარმატებამ ბეზოსის ქონება კიდევ უფრო გაზარდა და ახლა იგი 200 მილიარდ დოლარს აღემატება.

ჯეფ ბეზოსი და მაკენზი სკოტი.

ფოტო: Evan Agostini / Invision / AP

სკოტის დაწინაურება დიდწილად განაპირობა ტექნოლოგიურ სამყაროში აქციების მატებამ, რის გამოც მილიარდერების რეიტინგში პოზიციები შეიცვალა.

ამ კვირის დასაწყისში, ილონ მასკის ქონებამ ცუკერბერგისას გადააჭარბა, რადგან Tesla-ს აქციების მოგება 12 პროცენტით გაიზარდა და მისი მფლობელი მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა.