როდესაც ექიმთან მიდიხართ, შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენთვის დანიშნული მკურნალობის კურსი კარგად გამოცდილია და მტკიცე საბუთებით არის გამყარებული. თუმცა, ეს ხშირად ასე არ არის.

Journal of Clinical Epidemiology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2015 წლიდან 2019 წლამდე გამოქვეყნებულ მკურნალობის მეთოდების სისტემურ ანალიზს მოიცავს, მკურნალობის კურსების მხოლოდ 15% არის მტკიცე საბუთებით გამყარებული.

რამდენად დასაბუთებულია ესა თუ ის კვლევა, ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტის მეთოდით განისაზღვრება. შეფასების ამ სისტემას შემოკლებით GRADE-ს ეძახიან.

ამ შეფასების სისტემით ირკვევა, რომ განხილული 154 მკურნალობის კურსიდან "დაბალი ხარისხის მტკიცებულება" 22%-ს ჰქონდა. შეფასების სისტემა რისკის მიკერძოებულობასაც ითვალისწინებს. მაგალითად, ზოგი კვლევა ისე ტარდება, რომ პაციენტებმა არ იციან, პლაცებოს იღებენ თუ რეალურ მედიკამენტს. ასეთ სამედიცინო კვლევებს "ბრმა" კვლევები ეწოდებათ და მათი შედეგები უფრო მაღალი ხარისხისაა.

კონტრასტისთვის, 2016 წელს ჩატარებული ანალიზის მიხედვით გაირკვა, რომ ამ პერიოდში მკურნალობის კურსების მხოლოდ 13,5% იყო მაღალი ხარისხის მტკიცებულებით გამყარებული. 2016 და 2019 წლის მონაცემებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

კვლევას რამდენიმე შეზღუდვა აქვს. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ამონაკრების მოცულობა პოპულაციის შესაბამისი არ არის. ზოგი სხვა კვლევა აჩვენებს, რომ თანამედროვე მკურნალობის კურსების 40%-ია ეფექტიანი.

აკადემიური სფერო ძალიან დაუნდობელია, რადგან აქ თითქოს "გამოაქვეყნე ან გაქრის" პრინციპი მოქმედებს. შესაბამისად, ბევრი მაქსიმალურად დიდი რაოდენობის კვლევების გამოქვეყნებას ცდილობს. მაგალითად, PubMed-ის სტატისტიკით, ყოველწლიურად 12 000 კლინიკური კვლევა ქვეყნდება, ანუ ყოველდღიურად 30. ამათგან ბევრი საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და კარგად არგუმენტირებული არ არის.

ეგრეთ წოდებული "სისტემური მიმოხილვები" დაბალი ხარისხის სტატიების გაფილტრისთვის შეიქმნა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ახლა სისტემური მიმოხილვებიც ძალიან ბევრია — ყოველწლიურად დაახლოებით 2 000.

იმის გამო, რომ კლინიკური კვლევები ხშირად ადამიანების ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხარისხიანად ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ბევრი უხარისხო კვლევა ქვეყნდება, GRADE-ის შეფასების სისტემა ზედმეტად მკაცრია და რეალობას სრულად არ ასახავს.

მაგალითად, GRADE-ის სისტემით შეუძლებელია რეკომენდებული ფიზიკური სავარჯიშოების მაღალხარისხიანად შეფასება. ხშირად ექიმები პაციენტებს სხვადასხვა ფიზიკურ სავარჯიშოს ურჩევენ, მათ შესახებ კი "ბრმა" კვლევები არ არსებობს. ანუ, როცა რაღაც პრობლემის აღმოსაფხვრელად მეცნიერები გარკვეულ ვარჯიშის ეფექტიანობას ამოწმებენ, ისინი მოხალისეებს პლაცებო ვარჯიშს ვერ დაუნიშნავენ.