ნეტფლიქსმა Mac-ისა და iPad-ის მომხმარებლებისთვის რამდენიმე თავისი პოპულარული შოუ და ფილმი უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა. მათ შორისაა პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკა Stranger Things, Boss Baby: Back in Business და რამდენიმე სხვა.

ნეტფლიქსის ამ ორიგინალური ნამუშევრების საყურებლად სტრიმინგის სერვისზე ავტორიზაციის გავლა საჭირო არ არის, თუმცა რაღაც მიზეზის გამო მათი iPhone-იდან ნახვა არ შეიძლება.

"Netflix საუკეთესო ადგილია თქვენი გართობისთვის. თუმცა, სიტყვაზე ნუ გვენდობით — თავად იხილეთ თქვენი საყვარელი ფილმები და სერიალები სრულიად უფასოდ", — წერია სტრიმინგის სერვისის ვებსაიტზე.

სხვა მიმდინარე უფასო შემოთავაზებებს შორისაა Elite, Murder Mystery, Bird Box, When They See Us, Love Is Blind, The Two Popes, Our Planet და Grace and Frankie. ეს სია დრამებისა და კომედიების ნაზავია.

მიუხედავად ამისა, ნეტფლიქსის თქმით, "ეს სია შეიძლება დროდადრო შეიცვალოს", ამიტომ თუკი მასში რამე ისეთი არ არის, რაც გაინტერესებთ, მომავალში ისევ შეამოწმეთ.

უფასო შოუების საყურებლად, უბრალოდ, netflix.com/watch-free-ზე გადადით — დარეგისტრირება საჭირო არ არის — და სიის ნებისმიერი ფილმისა თუ სერიალის სანახავად "Watch Now-ს" ღილაკს დააწკაპუნეთ.

მაგრამ აუცილებელია, რომ ვებგვერდს Mac-იდან ან iPad-იდან ესტუმროთ. ამ კონტენტის iPhone-იდან ნახვის მცდელობისას ნეტფლიქსის შენიშვნა ვარდება: "ბოდიშს გიხდით. ამ მოწყობილობას (iPhone) ჩვენს საიტზე უფასო ჩვენების მხარდაჭერა არ აქვს. შეგიძლიათ, კონტენტის სანახავად გამოიყენოთ პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი ან Android-ის მობილური".

ნეტფლიქსი ვერც ვებსაიტის დესკტოპის ვერსიის მოთხოვნამ გააცურა — ასე ვიდეოები მაინც არ იტვირთება.