მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს ერთი პრობლემა, კორონავირუსი აწუხებდა, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობას — ორი. მათ ისედაც მძიმე ცხოვრებას პანდემიასთან ერთად საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა დაემატა. ეს გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ საქართველოში COVID-19-ის დაფიქსირების მეორე დღიდან, 27 თებერვლიდან მიიღო. ენგურის ხიდი, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთათვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, დღემდე ჩაკეტილია და არავინ იცის, როდის გაიხსნება.

ხიდის ჩაკეტვამ აფხაზეთში, ძირითადად, გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა დააზარალა, რადგან ისინი ქართულ პენსიებსა და სოციალურ დახმარებებზე იყვნენ დამოკიდებულნი. მათთვის უფრო ეკონომიური ზუგდიდის ბაზარში ვაჭრობა და ქართულ აფთიაქებში მედიკამენტების შეძენა იყო. ამიტომ, გალის რაიონიდან ზუგდიდში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადმოდიოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, ხიდს დღეში 2 580 ადამიანი კვეთს, როცა ის გახსნილია.

გალის ბაზრობა

გალის ბაზრობა

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

ნონა (სახელი შეცვლილია) გალის რაიონის სოფელ რეჩხიდან ზუგდიდში საკვები პროდუქტებისა თუ მედიკამენტების საყიდლად, თვეში რამდენჯერმე გადმოდიოდა. შედარებით ნაკლები ფასების გამო, ოჯახის წევრებისთვის ტანსაცმელსა და სხვა ნივთებსაც, ძირითადად, ზუგდიდის ბაზარში ყიდულობდა. გზის ჩაკეტვის გამო სოციალური დახმარებები, თვეებია არ აუღია და თვითონაც უკვირს, ამ პირობებში ოჯახის შენახვა როგორ შეძლო.

"ჩემს მეუღლეს ფეხსაცმელი გაეხა და ვერ ვყიდულობ. ახლობლის დაკრძალვაზე ვერ წავიდა რამდენიმე დღის წინ [ფეხსაცმლის უქონლობის გამო]. ბავშვებსაც [სამი შვილი ჰყავს] სასკოლო ტანსაცმელი და ნივთები არ ვიცი სად და როგორ ვუყიდო", — ამბობს ნონა.

76 წლის მარგოს (სახელი შეცვლილია) სოფელ ფართონოხორიდან ექიმმა ყოველდღიური წნევის მარეგულირებელი წამალი ექვსი წლის წინ დაუნიშნა. თებერვლამდე, სანამ ენგურის ხიდს ჩაკეტავდნენ, ზუგდიდში პენსიის ასაღებად მიდიოდა და წამლებს იმარაგებდა. გზის ჩაკეტვა მისთვის დიდი დარტყმა იყო. მისი წამალი გალის აფთიაქში ზოგჯერ საერთოდ არ იშოვება, ხან კი ორმაგი ფასი ღირს.

"დისშვილები მყავს თბილისში და იმათ ვთხოვე გამოეგზავნათ, კი მერიდებოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. ძალიან გავწამდით. მაშინ რომ მცოდნოდა, ამდენი ხნით ვიქნებოდით ჩაკეტილები, ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდი", — გვეუბნება ის.

"დედაჩემია ცუდად, ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობს. შვილები ვერ მივდივართ დედის სანახავად. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი გაუსაძლისი ცხოვრება?! ბოლო არ უჩანს ჩვენ ტანჯვას", — გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ბავშვს ტანსაცმელი დაუპატარავდა და ვერ ვყიდულობ. ბავშვის პამპერსებს და საყოფაცხოვრებო ნივთებსაც სულ ზუგდიდში ვყიდულობდი, იქეთ გაცილებით იაფია. 45 ლარიანი დევნილის შემწეობა რამდენი ხანია არ ამიღია. არ ვიცი, როგორ მოვედით აქამდეც და სანამდე იქნება ასე, ესეც არ ვიცით

ორი მცირეწლოვნის დედა გალის რაიონ სოფელ ლეკუხონადან.

კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანები სამედიცინო სერვისის მიღმაც დარჩნენ.

"ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა მისულიყო ჩემი და გეგმიურ შემოწმებაზე ექიმთან ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა რადგან სასწრაფო პაციენტი არ არის, არ ატარებენ "საზღვარზე" და ტელეფონით ვეკონტაქტებით ექიმს. ნაცნობების საშუალებით ძლივს ვახერხებთ წამლის ყიდვას და მერე აქეთ გამოგზავნას. დედაჩემიც ორ ექიმთან იყო მისასვლელი, მაგრამ როგორ? ვართ ასე გაჩერებულები დღემდე, ბედის ანაბარა", — გვიყვება ნინო (სახელი შეცვლილია).

ენგურის ხიდი, ფოტო არქივიდან

ენგურის ხიდი, ფოტო არქივიდან

ფოტო: On.ge

პირველადი მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების ყიდვის გარდა, გალის რაიონში მცხოვრები ადამიანები ენგურის ხიდს ყოველდღიურად სხვადასხვა მიზეზით კვეთდნენ. მაგალითად, იმის გამო, რომ გალის რაიონის სკოლებში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობს და მშობლიური/ქართული ენა შეზღუდულად, კვირაში მხოლოდ 2 საათი, ისწავლება, მშობლებს ერჩივნათ, მათ შვილებს ქართულ სკოლებში ესწავლათ. ამიტომ, გალის რაიონის, ძირითადად, ე.წ. დაბალი ზონის სოფლებიდან მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში დადიოდნენ სასწავლებლად. ასევე, ხიდს პანაშვიდებსა თუ ქორწილებში დასასწრებად, ნათესავების მოსანახულებლად და ბევრი სხვა მიზეზით კვეთდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ თებერვლის შემდეგ ხიდი ცალმხრივად მაისის ბოლოს გახსნა, რითაც უკან, სახლში დაბრუნების შესაძლებლობა აფხაზებთან ერთად, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებსაც მისცა. ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში გადასვლა ადგილობრივებს მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეეძლოთ.

თუმცა, გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა ნებადართული დღემდე არ არის. მათ შორის, ენგურჰესის თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც აქამდე, როცა ენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით კეტავდა, გადაადგილების უფლებას აძლევდნენ.

გალის რაიონში ჩაკეტილი მოსახლეობა ქართული მხარისგან ორკვირიანი კარანტინის მოხსნას ითხოვს. ადგილობრივ ლექსო გოგოხიას თქმით, არის შანსი და საუბრები იმის შესახებ, რომ კარანტინის მოხსნის შემდეგ, აფხაზურმა მხარემ, შესაძლოა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხამდე ხალხს გადაადგილების უფლება მისცეს.

"სწრაფი ტესტები უნდა შემოიტანონ და უნდა გაიხსნას სპეციალური ბაზარი რუხი მოლთან, სადაც ხალხს პენსიისა და სოციალური დახმარებების აღება და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენა შეეძლება. თუ ასე გაგრძელდა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ კიდევ რა დონის პრობლემებთან გამკლავება მოუწევს ჩვენი რაიონის ხალხს", — აცხადებს ლექსო გოგოხია.

ორკვირიანი კარანტინის თავიდან ასარიდებლად არაერთი ადამიანი, მათ შორის პაციენტები, შემოვლითი გზებით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. 26 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 65 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. სოფლის გამგებელმა, ელგუჯა ბოკუჩავამ On.ge-ს განუცხადა, რომ დაღუპული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი იყო და ის, სავარაუდოდ, პენსიის ასაღებად გადმოსვლის დროს დაიხრჩო მდინარეში.

"სრული უიმედობაა აქ. პროდუქტებზე ფასებიც ისე გაძვირდა, როგორც არასდროს. თხილის სეზონია ახლა, მაგრამ "საზღვრის" ჩაკეტვის გამო, გაცილებით დაბალ ფასებში უწევს ხალხს ჩაბარება გალის ბაზარში. მანამდე წვალებით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ რამდენიმე კილოგრამი თხილის ზუგდიდში გაყიდვას", ­— ამბობს ადგილობრივი, გელა ხასაია.

თხილნარი, გალის რაიონი, სოფელი მახუნჯია

თხილნარი, გალის რაიონი, სოფელი მახუნჯია

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

41 წლის მერაბი (სახელი შეცვლილია) ზუგდიდშია დასაქმებული. თავის მშობლიურ სოფელში თებერვლის ბოლოს, ხანდაზმული მშობლებისთვის წამლების ჩასატანად ჩავიდა. ორი დღით ჩასულს ხიდი დაკეტილი დახვდა და უკან ვეღარ დაბრუნდა.

"შემოვლითი გზით ვერ გადავალ, რადგან მერე უკან დაბრუნება ისევ "შავი გზით" მომიწევს, საბუთზე შტამპი რადგან არ იქნება დასმული. ცოლ-შვილი იქეთ დამრჩა და უკვე ნახევარი წელია ჩაკეტილი ვარ. გალის რაიონში ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა და რატომაა ჩაკეტილი არ გვესმის აქაურებს. აფხაზებმა ოთხჯერ გახსნეს ე.წ. ჰუმანიტარული დერეფანი, საქართველოს ხელისუფლებამ არცერთხელ. ძალიან მტკივნეულია, როცა ჩვენს ხელისუფლებას ჩვენი არ ესმის. ერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმს გადაიღებდა ადამიანი ჩვენს აქ ცხოვრებაზე", — ამბობს ის.

გალის მცხოვრებლების თხოვნაზე ორკვირიანი კარანტინის მოხსნისა და სწრაფი ტესტების შემოღების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ კორონავირუსის რისკების გათვალისწინებით, ორკვირიანი კარანტინის მოხსნა ამჟამად არ იგეგმება.

"ერთადერთი ჯგუფი, რომელთა მიმართებაში ჩვენ სწრაფი ტესტების მექანიზმს ვიყენებთ, ეს არის მძღოლები. სხვა დანარჩენი ჯგუფებისთვის არა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს [გალის რაიონში არსებული სიტუაცია] ცნობილია, მაგრამ რისკების დონიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ", — აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად მთავრობას პერიოდულად მოუწოდებენ თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI), ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ერთობლივი განცხადებით ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარის მიერ გამშვები პუნქტი ცალმხრივად პერიოდულად იხსნება, პირველადი მოხმარების ნივთების, პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ორკვირიან სავალდებულო საკარანტინო სივრცეში მოთავსების პერსპექტივა, გალის მაცხოვრებლებს გადმოსვლას აზრს უკარგავს.

DRI გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის ყოველთვიურ დევნილთა და პენსიის თანხის წვდომის შეზღუდვაზეც საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, ოკუპირებულ გალში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე გამოსავალს პლასტიკური ბარათის იმ პირებისთვის გადაცემა წარმოადგენდა, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასა და მათ სახელზე გაცემული შემწეობის ბანკომატის მეშვეობით მიღებას ახერხებდნენ. პანდემიის პირობებში კი, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილების კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დახმარების მიღება ვერც ამ გზით მოახერხა.

"შესაბამისად, ბოლო პერიოდში ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ პლასტიკური ბარათების დაბლოკვა გამოიწვია, რის გამოც, მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიაზე მოსახვედრად, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგურის გადმოცურვაც კი უწევს. ამის გამო გახშირდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები რუსი მესაზღვრეების მიერ", — აცხადებენ DRI-ში.

პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით, სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გალის მაცხოვრებლების დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, რათა მათი ჩართულობით პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების მიწოდება მოხერხდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს პანდემიამდე და პანდემიის დროსაც ეხმარებიან.