დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მის კოლეგა ექიმებს "მეტი სიფრთხილე მართებდათ". ასე ეხმაურება ის იმ ფაქტს, რომ სასტუმრო ოაზისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 200 ექიმი იყო შეკრებილი.

"როგორც მე ვიცი 400 არაა. როგორც ამბობდნენ, 400 სულ უნდა ყოფილიყო 2 ნაკადად. 200-მდე ჩემი კოლეგაა, მათ შორის, ძალიან გამორჩეული ქართველი ექიმები.

მეც გიერთდებით აბსოლუტურად, რომ, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს მეტი სიფრთხილე მართებდათ. როცა ყოველდღიურად ვსაუბრობთ და საზოგადოებას ვეუბნებით, რომ მთავარია თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, დიდ კონფერენციებს, ჯობდა, რომ ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა იქ განსაკუთრებული არ ხდება", — განაცხადა გამყრელიძემ ფორმულას ეთერში.

გამყრელიძის თქმით, ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა და ის "მისი კოლეგაა".

2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევებიდან კი 5 პირის წყარო უცნობია.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 548-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 270 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 6 059 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტია.