გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ომსა და ოკუპაციაზე ისაუბრა, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის ნაცვლად, ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა. მან ისევ აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება "წამოეგო რუსულ ოკუპაციას". მისივე თქმით, ნაომარი ქალაქის მოსახლეობამ კარგად იცის "რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს".

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს — სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს", — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, "რუსულ პროვოკაციაზე" წამოგებულმა მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ "პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი გუნდის ლიდერები 2008 წელს განვითარებულ მოვლენებში, კერძოდ, რუსეთის სამხედრო ინტერვენციასა და ომში საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.