პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახლა საარჩევნო ცვლილებების განხორციელება არის "ერთგვარი კეკლუცობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე". ამის შესახებ მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე ისაუბრა.

ბესელიას განმარტებით, ხმების დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით წარდგენილი მისი პროექტი, ბევრად ადრე ითხოვდა შედეგების გაყალბებასა და სხვა დარღვევებზე დამატებითი პასუხისმგებლობების შემოღებას და რეალურად იცავდა არჩევნების სამართლიანად ჩატარების წესს.

"რასაკვირველია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როდესაც არჩევნები ყალბდება ან არჩევნების პროცესში დარღვევები ხდება, ყოველთვის აქვს ხელისუფლებას ამის ბერკეტი, რომ რეაგირება თავად მოახდინონ, მაგრამ, როდესაც ის თავად ჩადის ამას, როგორც წესი, არასოდეს ამაზე რეაგირება არ ხდება. არც ნაციონალური მოძრაობა რეაგირებდა ამაზე და არც ქართული ოცნება არ აკეთებს ამას", — ამბობს ბესელია.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ამით ევროპის საბჭოს იმ რეკომენდაციას არღვევს, რომლის მიხედვითაც არჩევნების წინ, ასეთ მოკლე დროში ცვლილებების შეტანა კოდექსში არ არის სწორი ან დემოკრატიული.

დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, მკაცრი სანქციები განისაზღვრება იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.