ნეანდერტალელები დედამიწაზე 360 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ — იმ პერიოდში, როდესაც პლანეტა რამდენიმე ყინულოვან პერიოდს გადიოდა. ისინი 40 ათასი წლის წინ გადაშენდნენ, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, უბრძოლველად არ დანებებულან: როდესაც ნეანდერტალელები შენიშნავდნენ, რომ სამყარო იყინებოდა, ისინი თავიანთი ხელსაწყოების გაუმჯობესებას იწყებდნენ.

ახალი კვლევა ნეანდერტალელთა იმ ხელსაწყოების დეტალურ ანალიზს წარმოგვიდგენს, რომლებიც ბავარიის გამოქვაბულიდან არის მოპოვებული. 3D სკანირების გამოყენებით მკვლევრებმა შეძლეს, რომ ეს ნივთები უფრო დეტალურად შეესწავლათ.

ნივთები მრავალფერონავი დიზაინითაა შექმნილი, რაც მიგვანიშნებს, რომ ნეანდერტალელთა გადარჩენის სტრატეგიები იმაზე კომპლექსური იყო, ვიდრე გვეგონა. გავრცელებული აზრია, რომ ისინი უმეტესწილად ქვის ერთპირიან დანებს იყენებდნენ. ამის საპირისპიროდ, გამოქვაბულში ნაპოვნი იარაღების დიდ ნაწილს რამდენიმე პირი აღმოაჩნდა.

ავტორების თქმით, უფრო კომპლექსური დანები პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც 60 ათასი წლის წინ გლობალური ტემპერატურა დაეცა. როდესაც მიწა ყინულმა დაფარა, ნეანდერტალელები მიხვდნენ, რომ მათ სასიცოცხლო რეურსებზე ნაკლები წვდომა ჰქონდათ და საჭირო იყო მეტად მომთაბარე ცხოვრების წესთან ადაპტირება.

ამან უფრო რთული და გამძლე ხელსაწყოების შექმნა გამოიწვია, რომლებსაც ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის უნდა გაეძლოთ და რეგულარულად ჩანაცვლება არ უნდა დასჭირვებოდათ. კვლევის ავტორ ტორშტეინ უმეიერის თქმით, მსგავსი იარაღების შექმნა ამ პერიოდში მხოლოდ იმის მტკიცებულება არ არის, რომ მათ დაგეგმვის განვითარებული უნარები ჰქონდათ, არამედ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ნეანდერტალელებს მეტად ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი სტრატეგიების შემუშავებაც შეეძლოთ.

"ნეანდერტალელთა გაქრობა, როგორც ეს ძალიან ბევრს სჯერა, ინოვაციებისა და მეთოდური ფიქრის ნაკლებობის შედეგი ნამდვილად არ ყოფილა", — განაცხადა კვლევის ავტორმა.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.