პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ აბსურდია დამპყრობელ ქვეყანას მიმართო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ურთიერთობა მოაგვაროს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"აბსოლუტური სისულელე, ეგეთი რამე პოლიტიკაში არ არსებობს, რომ დამპყრობელს, ოკუპანტს უთხრა, იქნებ აფხაზებთან მომაგვარებინო ურთიერთობა", — აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ფინანსურ დაფინანსებას, ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ამას დადასტურება სჭირდება.

"ის უტოპიური ხედვა, რომ რუსეთი დაგეხმარება აფხაზეთთან პრობლემის მოგვარებაში, ეს თვითონ უკვე რუსულ ნარატივზე მიუთითებს. მაგრამ არის ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ასეთი წარმოდგენა აქვს. ახლა, პატრიოტთა ალიანსს წარმოდგენა აქვს ეგეთი, ილუზიები თუ გეგმაზომიერად მუშაობას რუსეთის შეკვეთით, ეს გამოჩნდება თუ დადგინდება, რომ ეს თანხა არის რეალურად შემოსული ან ითხოვენ მაინც, რაღაც ფინანსური ურთიერთობა აქვს დამპყრობელთან. ამას დადასტურება სჭირდება", — განაცხადა მან.

24 აგვისტოს ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად პატრიოტთა ალიანსს აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.

31 აგვისტოს კი პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრმა დოსიემ ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომლებშიც ასახულია რუსული "კონტრარგუმენტები", ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.

ამავე თემაზე: