როცა ბავშვი ხარ, სასკოლო ნივთების ყიდვა საკმაოდ მოსაბეზრებელი საქმეა. ეს უცერემონიოდ გვახსენებს, რომ ზაფხულის არდადეგები მორჩა და დროა, ჩვეულ ყოველდღიურობას დავუბრუნდეთ. თუმცა მრუდე ქუჩის ჯადოსნური მაღაზიების წყალობით ჰოგვორტსის მოსწავლეებისთვის სასკოლო შოპინგი შობის დილას ჰგავს.

ამ ქუჩაზე შესეირნებაზე თქვენც თუ გიოცნებიათ, გილოცავთ, ეს უკვე შეგიძლიათ (ნუ, თითებით მაინც) — LEGO-მ ახლახან ჰარი პოტერის მრუდე ქუჩის ასაწყობი ნაკრები დააანონსა, რომელიც გაყიდვაში 1-ლ სექტემბერს გაეშვა.

ფოტო: LEGO

მრუდე ქუჩის 5 544-ნაწილიანი ნაკრები ჰარი პოტერის ჩვენთვის საყვარელ რამდენიმე მაღაზიას მოიცავს. მათ შორისაა: ოლივანდერის ჯადოსნური ჯოხების მაღაზია, სკრიბულუსის საწერი საშუალებები, ქვიდიჩისთვის საჭირო ნივთები, დილის მისანი, ფლორიან ფორტესკიუს სანაყინე, ფლორიშ-ენდ-ბლოტსი და უისლების ჯადოსნური მაღაზია.

ფოტო: LEGO

LEGO-ს თქმით, ეს ნაკრები ერთგვარი ჯადოსნური ჰიბრიდია. ეს მრავალფეროვანი მოდელი ფანებს იმის საშუალებასაც აძლევს, რომ თვითონ აირჩიონ, თუ როგორ წარმოაჩენენ თითოეულ მაღაზიას — ერთ მწკრივად თუ მიმობნეულად. ნაკრებში საკულტო მაღაზიები ჰარი პოტერის რვავე ფილმის ნამდვილი დეტალებითაა წარმოდგენილი.

მრუდე ქუჩის ნაკრებს ჯამში 14 მინიატურული ფიგურაც ახლავს: ჰარი პოტერი, რონ უისლი, ჰერმიონ გრეინჯერი, დრაკო მალფოი, ჯინი უისლი, მოლი უისლი, ოლივანდერი, ფრედი და ჯორჯი, გილდეროი ლოკჰარტი, ლუციურ მალფოი და ჰაგრიდი. ნაკრებში ასევე არის ფლორიან ფორტესკიუ და დილის მისანის ფოტოგრაფი — აქამდე მათგან არცერთს არ ჰქონია LEGO-ს მინიატურული ფიგურა.

ნაკრები $399,99 დაგიჯდებათ. მისი გამოწერა LEGO-ს საიტიდანაა შესაძლებელი.

ფოტო: LEGO

ფოტო: LEGO ჰარი პოტერი მრუდე ქუჩა