ამერიკელი მომღერლის, მერაია ქერის, განცხადებით, თავი "ძალიან უხერხულად" იგრძნო, როცა 2008 წელს ელენის შოუში ცნობილმა წამყვანმა დაჟინებით მოსთხოვა, ორსულობა ეღიარებინა.

მომღერლის გადაცემაში სტუმრობისას ელენ დეჯენერესმა მას დააძალა, შამპანურით ეთქვა სადღეგრძელო, იმის ნიშნად რომ იგი ორსულობას არ მალავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ქერის ფეხმძიმობა შეუწყდა.

"ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. და ამ უსიამოვნო შემთხვევის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ცუდად ვგრძნობდი თავს", — ამბობს მომღერალი Vulture-თან ინტერვიუში, — "მზად არ ვიყავი, ეს ვინმესთვის მეთქვა, რადგან ფეხმძიმობა შემიწყდა. არ მინდა, იმას დავუბრუნდე, რამაც უკვე ჩაიარა, თუმცა ეს მართლაც ცუდი მომენტი იყო", — დასძენს ქერი.

როგორც ქერის, ასევე სხვა ცნობილი ადამიანების შოუში სტუმრობის ვიდეოები ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გავრცელდა და სოციალური მედიასივრცე მოიცვა. ინტერნეტმომხმარებლები მსოფლიოში ცნობილ თოქ-შოუს და მის წამყვანს სტუმრების არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ქერის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ელენ დეჯენერესი და მისი საავტორო გადაცემა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ბოლო თვეების განმავლობაში.

არაერთი ერთი შეხედვით, უბრალოდ, "უხერხული" სიტუაცია შოუში გახმაურებული ბრალდებების შემდეგ უკვე პრობლემური ჩანს. მათ შორის, ხშირად განიხილება კოლუმბიელი მსახიობის და მოდელის, სოფია ვერგარას სტუმრობები შოუში, როცა ელენი მას აქცენტზე დასცინოდა (თუმცა, ვერგარამ განაცხადა, რომ "იგი მსხვერპლის როლში არასდროს ყოფილა" და "ყოველთვის ხუმრობის თანამონაწილე იყო").

ელენის შოუს ყოფილი თანამშრომლების, მათ შორის პროდიუსერისა და დიჯეის, განცხადებით, 62 წლის ტელეწამყვანი მათ უხეშად ექცეოდა და სამუშაო ადგილზე ტოქსიკურ გარემოს ქმნიდა.

ავსტრალიელმა რადიოწამყვანმა, ნილ ბრინმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ როცა მას 2013 წელს ელენთან მუშაობა მოუხდა, იგი გააფრთხილეს, რომ მასთან არ ელაპარაკა, არ შეეხედა და არ მიახლოებოდა.

ენდი ლესნერმა, რომელიც შოუს აღმასრულებელი პროდიუსერია, უარყო ხმები გადაცემის დახურვის შესახებ, თუმცა 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეჯენერესი, შესაძლოა, Late Late Show-ის წამყვანმა ჯეიმს კორდენმა ჩაანაცვლოს.

მიუხედავად უამრავი ბრალდებისა, არაერთმა ცნობილმა ადამიანმა ტელეწამყვანს მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ შორის ეშტონ კაჩერმა, დაიან კიტონმა და დეჯენერესის ცოლმა — პორშა დე როსიმ.

შოუს წარმომადგენლები ქერის განცხადებას საპასუხოდ არ გამოხმაურებიან.