საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

მათივე, განმარეტბით, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმია, რაც საერთაშორისო პრაქტიკითაც დასტურდება. მათივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება შესაძლებელს გახდის ე.წ. ელიტური კორუფციის შემთხვევების რეალურ გამოძიებას და მათ პრევენციას.

"გავლენიანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში ვერ ხერხდება შედეგზე ორიენტირებული ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება, რომელიც კორუფციის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციული შემთხვევების გამოძიებას უზრუნველყოფა; მოქმედი ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს", — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, კორუფციის პრობლემის დასაძლევად საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო უკვე წლებია მოუწოდებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე ორგანოს ჩამოყალიბების აუცილებლობისკენ, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღიჭურვება შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით. ახალი ინიციატივა სწორედ ამგვარ კომპლექსურ რეფორმას ისახავს მიზნად.

მათ მიერ განმარტებულია სააგენტოს სტრუქტურაც: აქ თავს მოიყრის მთელი რიგი ისეთი ანტიკორუფციული ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა უწყებაშია (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) გაფანტული ან საერთოდ არ აქვს არცერთ უწყებას დაკისრებული:

  • საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და ანტიკორუფციული პოლიტიკის დახვეწა;
  • საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა. ასევე, კორუფციის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი;
    პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
  • კორუფციული დანაშაულის მამხილებელთა დაცვა;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და სხვა.

ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს ფუნდამენტურ გაუმჯობესებას.

კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ ახალი კანონპროექტი დააინიცირეს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას გულისხმობს.