ჩიტის მიერ შემწვარი ფრთების ჭამის იდეა ალბათ კანიბალისტურად ჟღერს, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, ჭაობის ისეთი ჩიტები, რომლებიც ქალაქებთან ახლოს ცხოვრობენ, ბუნებრივი საკვების სიმცირის დროს სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტთა მოხმარებაზე გადადიან. ამით დამტკიცდა, რომ ურბანიზაცია ზოგიერთ სახეობას გადარჩენაში ეხმარება — იგი მათთვის საკვების ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ბუნებრივ გარემოში კვება რთულდება.

კვლევის ფარგლებში ავტორები სამხრეთ ფლორიდაში მობინადრე ყარყატებს აკვირდებოდნენ. ბუნებრივი საკვების სიუხვის დროს ურბანიზებული და არაურბანიზებული ჩიტებიც მსგვას საკვებს — ადგილობრივ ჭაობის თევზებს მიირთმევდნენ და უფრო მეტ ბარტყს ჩეკტდნენ. ხოლო როდესაც თევზების რაოდენობა შემცირდა, ურბანიზებულმა ჩიტებმა ნაგვის ყუთებში ქექვა დაიწყეს, საიდანაც ისინი როგორც შემწვარ ფრთებს, ასევე ჰოთ-დოგებსაც მოიპოვებდნენ.

შედეგად, ურბანულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყარყატები რეპროდუქციის მაღალი დონის შენარჩუნებას ამ პერიოდებშიც ახერხებდნენ. ხოლო ქალაქებიდან შორს მცხოვრებ ყარყატებში კი პირიქით, რეპროდუქციის დონე შემცირდა.

"ურბანულ ჩიტებს ცუდ პერიოდებში ადამიანის მიერ დამზადებულ სკავებზე გადასვლის უნარი რეპროდუქციის დონის შენარჩუნებაში ეხმარებათ", — განაცხადა კვლევის ავტორმა ბეტსი ევანსმა.

სწრაფი კვების გარდა, ყარყატები თევზების სიმცირის დროს ბაყაყებზე, კიბორჩხალებზე და სხვა ამფიბიებსა თუ წყალში მცხოვრებ არსებებზეც ნადირობდნენ. ამ კვლევაზე დაყრდნობით ავტორები ამბობენ, რომ ცხოველთათვის ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს წართმევა ყოველთვის სახეობების გადადგურებით არ სრულდება. ყარყატების შემთხვევაში, ბუნებრივი საკვების სიმცირის დროს ქალაქი და ადამიანის მიერ დამზადებული საკვები მათთვის გადარჩენის მნიშნელოვან წყაროს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სახეობა ურბანიზაციას ასე კარგად ვერ ერგება და, შესაძლოა, რომ ამ ჩიტების მაგალითი უბრალოდ გამონაკლისი იყოს და არა — გავრცელებული ქცევის წესი.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.