1980-იანი წლებიდან მოყოლებული საფოსტო ბარათის ზომის ნახატი ოქსფორდის უნივერსიტეტის ეშმოლის მუზეუმის საწყობში ინახებოდა. პორტრეტი, რომლის სახელიც წვერიანი კაცის თავია (Head of a Bearded Man), მუზეუმს 1951 წელს შესწირეს და ის თავიდან ჰოლანდიელი ოსტატის, რემბრანდტის, ორიგინალ ნამუშევრად განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, 1981 წელს მკვლევრებმა ნახატი ყალბად სცნეს და მუზეუმმა მისი საწყობში შენახვა გადაწყვიტა.

"ნახატზე საუბარი არავის სურდა, რადგან ის რემბრანდტის ასლი ეგონათ", — თქვა კურატორმა ან ვან კამპმა.

ახლა წვერიანი კაცი აპირებს, მნახველებისთვის ისევ ხელმისაწვდომი გახდეს: როგორც მუზეუმმა განაცხადა, ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნახატი რემბრანდტის სახელოსნოში შეიქმნა — შესაძლოა, თვით ფერწერის ოსტატის მიერ. მას მალე მუზეუმის "ახალგაზრდა რემბრანდტის" გამოფენაზე გაიტანენ, რომელიც მხატვრის ნამუშევრების პირველ ათწლეულს მიმოიხილავს.

ვან კამპი ამბობს, რომ ის უკვე დიდი ხანია, ეჭვობდა, რომ ნახატი ნამდვილი იყო. როდესაც ეშმოლის მუზეუმმა "ახალგაზრდა რემბრანდტისთვის" მზადება დაიწყო, კურატორებმა წვერიანი კაცი პიტერ კლაინს მიუტანეს — დენდროქრონოლოგისტს, რომელიც ხის რგოლების ზრდის შესწავლით ხის ობიექტების დათარიღებაში სპეციალიზდება.

ფოტო: Ashmolean Museum

კლაინმა აღმოაჩინა, რომ ხის პანელი, რომელზეც წვერიანი კაცია დახატული, ბალტიის რეგიონში 1618 და 1628 წლებს შორის შუალედში მოჭრილ მუხის ხეს ეკუთვნის. Art Newspaper-ის მარტინ ბეილის ცნობით, ზუსტად იგივე ხეა გამოყენებული დაახლოებით 1630 წლის სხვა ორ ნაშრომში: რემბრანდტის კლდეზე მიჯაჭვულ ანდრომედასა (Andromeda Chained to the Rocks) და რემბრანდტის თანამშრომლის, იან ლივენსის, რემბრანდტის დედის პორტრეტში (Portrait of Rembrandt’s Mother).

"ხის გამოშრობისთვის მინიმუმ ორ წელს თუ გამოვყოფთ, შეგვიძლია, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ პორტრეტი 1620-1630 წლების შუალედში შეიქმნა", — განაცხადა კლაინმა.

ყველა ეს მტკიცებულება ერთად იმაზე მეტყველებს, რომ წვერიანი კაცი რემბრანდტის სტუდიაში შეიქმნა. თუმცა მკვლევრებს კვლევის გაგრძელება მოუწევთ იმის დასადგენად, ნახატი უშუალოდ ჰოლანდიელ ოსტატს ეკუთვნის თუ არა.

რემბრანდტს, მისი დროის ბევრი ხელოვანის მსგავსად, სტუდიაში ბევრი მოსწავლე ჰყავდა, რომელიც შეისწავლიდა და აკოპირებდა მის გამორჩეულ სტილს. მრავალი მათგანი თვითონაც წარმატებული მხატვარი გახდა.

რემბრანდტის გავლენიანობა მისი "ნამდვილი" ნამუშევრების გამოვლენას საკმაოდ რთულ ისტორიულ ამოცანად აქცევს. 1960-იან წლებში დაარსების დღიდან რემბრანდტის კვლევის პროექტი რემბრანდტის სტილის მსგავსი მრავალი ნამუშევრის უტყუარობის დადასტურებას ცდილობს, რაც ზოგჯერ კოლექციონერებს მრავალი მილიონი დოლარი უჯდებათ.

თებერვალში პენსილვანიის ალენთაუნის ხელოვნების მუზეუმმა განაცხადა, რომ მან ახალგაზრდა ქალის პორტრეტში (Portrait of a Young Woman) ნამდვილი რემბრანდტი ამოიცნო. რემბრანდტის კვლევის პროექტმა 1632 წლის ეს ნახატი 1979 წელს არ სცნო, მისი ავტორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მისი სტატუსი მხატვრის სტუდიაში დახატულ ნახატამდე ჩამოიყვანა. ექსპერტებმა არაერთი მაღალტექნოლოგიური მეთოდი გამოიყენეს, რათა ნამუშევარი ნამდვილად ორიგინალად ეღიარებინათ.

1777 წლის გამოფენის ცნობა, რომელიც წვერიანი კაცის თავის უკანა ნაწილზეა მიკრული, მას რემბრანდტის ნამუშევრად სცნობს.

არტ-დილერმა პერსი მურ ტერნერმა წვერიანი კაცი ეშმოლის მუზეუმს 1951 წელს გადასცა. ნახატის უკანა მხარეს 1777 წლის გამოფენის მინაწერი იყო, რომელიც მას რემბრანდტის ნამუშევრად სცნობდა, თუმცა 1981 წელს რემბრანდტის კვლევის პროექტმა გადაწყვიტა, რომ ნამუშევარი მე-17 საუკუნის რაღაც ეტაპზე "რემბრანდტის წრის გარეთ" მყოფი მხატვრის მიერ იყო შესრულებული.

წვერიანი კაცი წარმოგვიდგენს მოხუცებულ, გამელოტების პირას მყოფ კაცს, რომელიც, კლაინის თქმით, "მელანქოლიური მჭვრეტელობით" იყურება ქვემოთ.

"ზემოდან გადახატვისა და გახუნებული ლაქის შრეების მიუხედავად, ფუნჯის მეტყველი მონასმები მაინც თავისას შვრება და დადარდიანებულ სახეს გადმოგვცემს. თავის ამგვარი ეტიუდები რემბრანდტის ლეიდენის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია და მათ თანამედროვეები დიდი მონდომებით აგროვებდნენ", — ამბობს დენდროქრონოლოგისტი.

ეშმოლის მუზეუმის კონსერვატორი ჯევონ თისლვუდი აღნიშნავს, რომ ტილოს პატარა ნაწილები "უცნობი ხელის" მიერაა დახატული. ამ დანამატებმა "მნიშვნელოვნად დაარღვია სიღრმისა და მოძრაობის ნატიფი ილუზია".

მას შემდეგ, რაც ნოემბერში "ახალგაზრდა რემბრანდტის" გამოფენა დაიხურება, გუნდი ნამუშევრის დეტალურ გაწმენდასა და აღდგენას გეგმავს.

"ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, რას აღმოვაჩენთ", — დაამატა თისლვუდმა.