ქართული ოცნების ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ფურცლის გამო" პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია. ასე ეხმიანება ის ალიანსის სავარაუდო რუსულ დაფინანსებას.

"პატრიოტთა ალიანსის ადვოკატი ვერც წარმომიდგენია დღეს საგარეო კურსის გამო, მათი დამოკიდებულებების გამო იმ საკითხების მიმართ, რაზეც ჩვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს. მაგრამ მაგ ფურცლის გამო, მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია, უნდა იყოს ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა და მოკვლევა და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები", — აცხადებს ვოლსკი.

24 აგვისტოს ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად პატრიოტთა ალიანსს აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.

31 აგვისტოს კი პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრმა დოსიემ ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომლებშიც ასახულია რუსული "კონტრარგუმენტები", ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.