1-ლი სექტემბრიდან ბავშვთა კოდექსში ცვლილებები ამოქმედდება. კერძოდ, მშობლებს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით შეუძლიათ, ინტერნეტ პროვაიდერ ვებგვერდებს მიმართონ. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს.

განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდება, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.

კომუნიკაციების კომისია ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიას შეადგენს და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნებს. აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ კვირაში ერთხელ განახლდება.

რაც შეეხება მაუწყებლებს, ვალდებული არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს:

  • 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე;
  • 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის — 6 საათიდან 23 საათამდე;
  • 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის — 6 საათიდან 21 საათამდე;
  • 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის — 6 საათიდან 21 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5 პროცენტის ოდენობით დაჯარიმდებიან. კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს აპროტესტებენ და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.

გაიგეთ მეტი:

ბავშვებისთვის "შეუფერებელი" მასალის გავრცელება ახალი კანონით შეიზღუდა — რა საფრთხეს შეიცავს ცვლილებები