კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ ახალი კანონპროექტი დააინიცირეს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას გულისხმობს.

პარლამენტში გამართული ბრიფინგის დროს თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების სისუსტის გამო მათ მიერ ახალი კანონპროექტი მომზადდა, რაც ითვალისწინებს კორუფციასთან ბრძოლის სამ ინსტიტუციურ მიმართულებას.

"ჩვენ წარვუდგინეთ საქართველოს პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 30 კანონისგან შედგება და გულისხმობს სამი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს. ერთი არის კორუფციული დანაშაულების გამოძიება, მეორე არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლი და მესამე, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი", — აცხადებს ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის თანახმად, საერთაშორისო აქტორების მოწოდებების გათვალისწინებით, კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია და საზოგადოებრივი ნდობა. შესაბამისად, სამივე მიმართულებით მონიტორინგი იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის პრეროგატივა, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლის სააგენტო.

ირინა ფრუიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვადასხვა უფლებამოსილების თავმოყრა მოხდეს ინსტიტუციურად ერთ დამოუკიდებელ სტრუქტურაში, რითაც გამარტივდება კორუფციასთან ბრძოლის დაგეგმვაც და აღსრულებაც.

"ის უფლებამოსილებები, რაც დღესდღეობით გაფანტულია სხვადასხვა უწყებაში, ჩვენი კანონპროექტით, თავს მოიყრის ერთ უწყებაში, რაც გააჩენს კორუფციასთან ბრძოლაში უკეთესი კოორდინაციის შესაძლებლობას", — ამბობს ფრუიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს იქნება ინსტიტუციური რეფორმა და საუბარია პოლიტიკური ციკლებისგან დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნაზე.