რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სლოვაკეთის საელჩოს სამ დიპლომატს აძევებს. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მათ ეს გადაწყვეტილება სლოვაკეთიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ მიიღეს.

"ბრატისლავას ეს არამეგობრული ნაბიჯი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების კონსტრუქციული განვითარების გზას. 31 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიძახეთ სლოვაკეთის ელჩი, პეტრ პრიპუტენი, რომელსაც რუსეთის საელჩოს სამი დიპლომატის დაუსაბუთებელ გაძევებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვუცხადეთ", — წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სლოვაკეთმა სამი რუსი დიპლომატი 10 აგვისტოს გააძევა ქვეყნიდან. მაშინ BBC წერდა, რომ ბრატისლავას ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდებოდა.