თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ოჯახზე მუქარა ხორციელდება და მან ამის შესახებ გამოძიებას უკვე აცნობა. ამის შესახებ რამიშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

"პირდაპირ წავიდა ოჯახზე მუქარა, ერთ-ერთი კომენტარია, რომ ლეგენდის შეთხზვის ნაცვლად, პრობლემას ჩაუღრმავდით, თუ რა მოხდა რეალურად, რამე ხომ არ დააკელით, მეორე შვილიც გყავთ და ჯობია იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული. ჩვეულებრივი მუქარა წავიდა ოჯახზე, მე არ ვიცი ვინ არის ეს პიროვნება კონკრეტულად, მაგრამ ერთი არ არის. მე ეს კომენტარი გადავეცი გამოძიებას და ვთხოვ დაადგინოს ტროლია, ბოტია თუ ვინ არის. ყველა სათითაოდ მოკვლეული და გამოკვლეული უნდა იყოს, ინამუსონ და მეორე შვილს თავი დაანებონ", — განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ავტომობილს არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა და ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენ ხანს იდგა ავტომობილი, ვერ მიიღეს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ჯერ კიდევ ძებნის პროცესში გამოძიებამ ამოიღო ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, თუმცა ოჯახი აცხადებდა, რომ მისი გახსნა ვერ შეძლეს. მოგვიანებით კი მამამ მედიასთან თქვა, რომ პოლიციელის თქმით, მისი შვილი "დიდ შარში იყო". ოჯახის ადვოკატი კომპიუტერის გახსნის პროცესზე დასწრებას ითხოვდა, თუმცა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ლუქი მის გარეშე მოხსნეს.