გიგი წერეთელი მეშახტის დღესთან დაკავშირებით ტყიბულში იმყოფებოდა. იგი ცნობილი მეშახტის, გივი ქასრაშვილოს ოჯახს ესტუმრა, სადაც ამ დარგს ქასრაშვილების ოთხი თაობის წარმომადგენელი ემსახურებოდა. ისაუბრეს დარგში არსებულ ვითარებაზე, მეშახტეების შრომის პირობებზე, იმ სირთულეებზე რაც თან ახლავს ამ პროფესიას და ამ დარგის მნიშვნელობაზე ქალაქ ტყიბულისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის.

"მინდა გულწრფელად მივულოცო მეშახტეებს პროფესიული დღე. ეს ადამიანები დიდი რისკის და მძიმე შრომის პირობებში ემსახურებიან თავიანთ საქმეს და ქვეყანას. ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს სამუშაო თუ საცხოვრებელ პირობებს, ჯანდაცვის მომსახურეობას და უფრო მეტ თანადგომას. ხშირია ტრაგიკული შემთხვევებიც და მაღალია ჯანმრთელობის რისკები. უსაფრთხო შრომის პორობები და ღირსეული ანაზღაურება აუცილებელია მათთვის, რათა შეძლონ საკუთარი შრომით არჩინონ თავიანთი ოჯახები. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს", — განაცხადა გიგი წერეთელმა.

ტრადიციულად, 30 აგვისტოს ტყიბულში მეშახტის დღე აღინიშნება და ქალაქში საზეიმო ღონისძიებები იმართება.