მცენარეებს ძალიან მნიშვნელოვანი უნარი აქვთ, რომლის მეშვეობითაც ისინი მზის სინათლეს ენერგიად აქცევენ. ამას ფოტოსინთეზი ეწოდება და მის რეპლიკაციას მეცნიერები უკვე დიდი ხანია, ცდილობენ.

ხელოვნური ფოტოსინთეზის მასობრივი გამოყენება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებს ძალიან წინ წაწევს და ენერგიის პრაქტიკულად უშრეტ წყაროსთან წვდომას მოგვცემს. ამჟამად უკვე არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნურ ფოტოსინთეზთან ძალიან ახლოსაა.

"ფოტოფურცელი" (photosheet) ჰქვია მოწყობილობას, რომელიც იღებს ნახშირორჟანგს, წყალს, მზის სინათლეს და მის "ინგრედიენტებს", შემდგომ კი ჟანგბადს და ჭიანჭველმჟავას წარმოქმნის — ამ უკანასკნელის გამოყენება საწვავად შეიძლება. ასევე შესაძლებელია მისი წყალბადად გარდაქმნა, რომელიც ერთ-ერთი პოტენციური ეკოლოგიურად სუფთა საწვავია.

ფოტოფურცელი კატალიზატორი ნახევრადგამტარი ფხვნილით არის დაფარული, რომელიც — როცა სინათლე ფოტოფურცელს მოხვდება — ელექტრონების ურთიერთქმედების და ოქსიდაციის საშუალებას იძლევა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს პროცესი თვითმყოფადია და ეკოლოგიურად სუფთაა.

ფოტოფურცლის პროტოტიპი

ფოტოფურცლის პროტოტიპი

ფოტო: University of Cambridge

ამჟამინდელი პროტოტიპი მხოლოდ 20 კვადრატული სანტიმეტრია, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ მისი ზომაში გაზრდა შესაძლებელია და ეს დიდ დამატებით ხარჯებს არ უკავშირდება.

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ფოტოფურცლების მზის ელემენტების მსგავსად გამოყენება შეიძლება, ანუ შესაძლოა ბევრი ფოტოფურცელის ჩამწკრივება და დიდი რაოდენობის საწვავის მიღება, რომელიც შეინახება და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოფურცლის პროტოტიპი კარგად მუშაობს, მისი ბაზარზე გაშვება ჯერ ნაადრევია. მეცნიერები ამბობენ, რომ კომერციულ გამოყენებამდე მისი დახვეწაა საჭირო.

იმის გამო, რომ ფოტოფურცლის მიერ გამომუშავებული საწვავი დამატებით პროდუქტებს არ წარმოქმნის, მისი შენახვა და ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებს და ეკოლოგიურ გვერდით პროდუქტებს არ უკავშირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური დათბობა დედამიწაზე სერიოზული პრობლემაა, მკვლევრები იმედოვნებენ, ფოტოფურცელი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში გამოგვადგება და ეფექტიანი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დახვეწაში შეიტანს წვლილს.

კვლევა Nature Energy-ში გამოქვეყნდა.