ახალი კვლევის მიხედვით, იმისთვის, რომ ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები მგალობელი ბეღურები გვალვებს გადაურჩნენ, ისინი რეპროდუქციას წყვეტენ. კლიმატის ცვლილება ბიომრავალფეროვნებაზე პირდაპირ აისახება, მთავარ კითხვას კი ის წარმოადგენს, შეუძლიათ თუ არა სახეობებს ამ რთულ პირობებთან ადაპტირება.

გვალვებმა, რომლებიც დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო ხშირი გახდება, ჩიტები აიძულა, არჩევანის წინაშე დამდგარიყვნენ რეპროდუქციასა და გადარჩენას შორის, რადგან კვერცხის დადება და წიწილების კვება დამატებით ენერგიასთან არის დაკავშირებული.

კვლევის მიხედვით, იმის მაგივრად, რომ ისინი ახალი შთამომავლობის საჭიროებებსა და რთულ გარემო-პირობებზე ფოკუსირებულიყვნენ, ჩიტებმა გადაწყვიტეს, რომ გვალვების დროს უბრალოდ რეპროდუქციის ტემპი შეემცირებინათ.

კვლევისთვის გუნდმა ვენესუელისა და მალაიზიის 38 სახეობის მონაცემები გააანალიზა, რომელიც 17 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მათ დაადგინეს, რომ მალაიზიისთვის ენდემურ 20 სახეობაში რეპროდუქცია საშუალოდ 36%-ით შემცირდა, ვენესუელურ 18 სახეობაში კი — 52%-ით. აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი სასიცოცხლო ციკლის მქონე ჩიტები რეპროდუქციას უფრო მეტად ამცირებდნენ.

"საერთო ჯამში, სახეობებს, რომლებიც გვალვების დროს რეპროდუქციას უფრო მეტად ამცირებდნენ, ზრდასრულობაში გადარჩენის შანსები მეტი ჰქონდათ. ეს მოულოდნელი იყო, რადგან გვეგონა, გვალვები გადარჩენის შანსებს ყველა სახეობაში თანაბრად ამცირებდა", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯეიმს მოტონმა.

ჩიტები, რომლებსაც უფრო მოკლე სასიცოცხლო ციკლი ჰქონდათ, ან შეჯვარებას განაგრძობდნენ, ან მხოლოდ უმნიშვნელოდ ამცირებდნენ მას. ამავდროულად, მათი გადარჩენის შანსი შედარებით დაბალი იყო.

მოტონის თქმით, უფრო დიდი სასიცოცხლო ციკლის მქონე სახეობები, შესაძლოა, გვალვების ეფექტებს უფრო წარმატებით გაუმკლავდნენ. ასევე მან განაცხდა, რომ გვალვები კლიმატის ცვლილებების მხოლოდ ნაწილია და არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ჩიტების პოპულაციებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.