ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტ, ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდა. კოკოითის განცხადებით, ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

"მე შენ მოგმართავ თხოვნით. ეს თხოვნაა და არა ულტიმატუმი. შენ გინდა, რომ სამხრეთ ოსეთში ვერ დავბრუნდე, მაგრამ არ გამოგივა. თუ ასე ძალიან გეშინია ამის, გაძლევ სიტყვას, რომ თუ 31 აგვისტოს 12:00 საათამდე არ გადაგდები დაკავებული თანამდებობიდან და არ შეწყვეტ ოსი ხალხის წამებას, მე ჩამოვალ", — განაცხადა კოკოითმა ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, მან შეცდომა დაუშვა 2011 წელს, როცა ბიბილოვი პოლიტიკურ არენაზე გამოიყვანა და 2017 წელსაც, როცა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

კოკოითმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში არ შემოუშვეს. კოკოითის განცხადებით, ჯერჯერობით, ე.წ სამხრეთ ოსეთში მეგობრების თხოვნით არ ჩადის და რომ ცხინვალში მის შესვლაზე რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

კავკაზ რეალიის ცნობით, 29 აგვისტოს კოკოითმა სოციალური ქსელის საშუალებით მხარდაჭერა გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა მომიტინგეებს, რომლებიც დე ფაქტო მთავრობის, მათ შორის ბიბილოვის, გადადგომას ითხოვდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. მიზეზი წინასწარი დაკავების იზოლატორში 28 წლის, ინალ ჯაბიევის გარდაცვალება გახდა, რომელსაც დე ფაქტო მინისტრის მანქანისთვის ცეცხლის გახსნის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მას ციხეში აწამებდნენ. აქციის მონაწილეები დანაშაულში პასუხიმგებელ პირთა დასჯას და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურეობრივ ავტომანქანას ცეცხლი 18 აგვისტოს გაუხსნეს.