დევნილობა ჩვენი არჩევანი არ არის

ნინი ოთინაშვილი

12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. აღარ არის აქტუალური თემა, აღარც დაინტერესებაა იმდენად, მაგრამ ბულინგი ისევ არისო.

ნინი ოთინაშვილი 8 წლის იყო, სამაჩაბლოს იძულებით დატოვება და შავშების დევნილთა დასახლებაში გადასვლა რომ მოუწია. იქ სხვადასხვა სოფლის ხალხი ჩაასახლეს, ერთმანეთისთვის უცხონი იყვნენ.

ბევრი არაფერი ახსოვს. 20 წლის არის და ცხოვრების მეტი წილი შავშებში აქვს გატარებული. სამაგიეროდ, ახსოვს და ხედავს, რა სიტუაციაა დღეს და რა არჩევანი აქვთ დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

ფოტო: On.ge/დარინა ქამადაძე

დევნილობა არჩევანი არ არის.

არც შავშებში ცხოვრება იყო არჩევანი.

არც ის ჩაკეტილი წრე, რაც ამ სოფლის ახალგაზრდებს აქვთ.

მათი საქმიანობა, მეტწილად, მეურნეობაა. ხშირად შავშების ახალგაზრდები მიწაზე სამუშაოდ სხვა სოფლებში მიდიან და ასე გამოიმუშავებენ ფულს.

ფული სჭირდებათ.

სწავლა ფუფუნებაა.

ამ ფუფუნების საშუალება არ აქვთ.

"ძალიან დაბალი მაჩვენებელია სკოლის მერე სწავლის გაგრძელების. არის რამდენიმე ფაქტორი — ჩვენთან სკოლა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დამატებითი მომზადების გარეშე უმაღლესში გააგრძელონ სწავლა. ქალაქში სიარული ფინანსური პრობლემაა. არსებობს დროის ფაქტორიც. გარკვეული ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დაკავებული იმისთვის, რომ ოჯახს დაეხმაროს. როცა ფინანსური გაჭირვებაა, ახალგაზრდები ირჩევენ, ფული გამოიმუშაონ და სწავლას ვეღარ აგრძელებენ".

იმის გამო, რომ სოფელში ახალგაზდებისთვის სწავლასთან დაკავშირებული და კიდევ სხვა ბევრი პრობლემაა, შავშებში მცხოვრებმა ხუთმა ახალგაზრდამ პროექტის წერის ტრენინგი გაიარა. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან ფინანსური დახმარება მიიღო და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კლუბი გახსნა.

როგორც ნინი ამბობს, სხვადასხვა იდეა ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს ახალგაზრდული კლუბი გადაწყვიტეს. მსჯელობისას მივიდნენ იმ აზრამდე, რომ სოფელში ერთ-ერთი დიდი პრობლემა ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა და კლუბიც სწორედ ამიტომ შეიქმნა.

"აქაური სკოლა 5-6 სოფელს აერთიანებს და მხოლოდ დევნილები არ არიან. ტრანსპორტშიც კია ბულინგის პრობლემა. ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩაკეტილები არიან, რცხვენიათ საკუთარი აზრის გამოხატვა. სქესის მიხედვითაა დაყოფილი. საინფორმაციო შეხვედრებს და ფლაერების გავრცელებას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ დევნილ ბავშვებზე არა, ადგილობრივებზეც იყოს მორგებული".

სურთ, ისეთი სივრცე შექმნან, სადაც ახალგაზრდებს შეხვედრის, აზრების გაცვლის, საერთო პრობლემასა და წუხილზე საუბრის საშუალება ექნებათ.

ფოტო: On.ge/დარინა ქამადაძ

ყველაზე აქტუალური თემა ქალის როლი და ადრეული ქორწინებაა. ბავშვები 14 წლიდან ქმნიან ქორწინდებიან და ეს მათივე ოჯახების მიერ გამართლებული ქმედებაა. ნინისა და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრების მთავარი საზრუნავი და წუხილიც სწორედ ესაა.

"სწავლის საჭიროება მუდმივადაა. თუნდაც გენდერის საკითხებზე არაერთი შეხვედრა ჩატარებულა, მაგრამ მუდმივადაა საჭირო, რომ გონებაში ჩაილექოს და კარგად გაიაზრონ. როცა ოჯახი ამართლებს ადრეულ ქორწინებას და ბავშვობიდან გესმის, რომ ეს ნორმაა, ძნელია, ამის შეცვლა და სხვა რეალობის ჩვენება".

სწორედ ამიტომ კლუბის წევრი ბავშვებისთვის გასვლითი ტრენინგებსა და არაფორმალურ სწავლებებს გეგმავენ. ნინის აზრით, იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიონ, ბავშვებმა სხვა რეალობა უნდა ნახონ, სოფლის ჩაკეტილი წრიდან გავიდნენ, სხვა ალტერნატივების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ და მათ გამოყენება სცადონ.

სოფელში კიდევ ბევრი პრობლემაა. ახალგაზრდები ვერანაირ დამატებით წრეზე ვერ დადიან. ქალაქში ვერ მიდიან — ამისთვის ტრანსპორტის მოსახერხებელი განრიგი არ არსებობს. ბოლო ავტობუსი გორიდან სოფლისკენ 16:30-ზე გადის. ამიტომ, უნდათ ადგილზე არსებული კერამიკის საამქროსთან, რომელსაც იტალიელები ამუშავებენ, ითანამშრომლონ და საკუთარი უნარები განავითარონ.

პატარებისთვის ენის შემსწავლელ კურსებს გეგმავენ. მასწავლებლები მოხალისედ იმუშავებენ.

"ყველა, ვინც რაიმე ფორმით ჩვენი კლუბის საქმიანობაშია ჩართული, მოხალისეა და უსასყიდლოდ გვეხმარება. აქაურობას სჭირდება დახმარება".

ფოტო: On.ge/დარინა ქამადა

ახლა დროებით შენობაში არიან და შეხვედრები კვირის ბოლო სამი დღის განმავლობაში აქვთ. განიხილავენ ყველაფერს, რაც აწუხებთ და რის შეცვლაც უნდათ. შესაცვლელი ბევრია. ინტელექტუალურ თამაშებს მართავენ, სოციალურ თემებზე კინოჩვენებებს აწყობენ და მერე განიხილავენ, მწვავე საკითხებზე დებატებს გეგმავენ და აზრებს ცვლიან.

"უფრო აქტიურად ჩართულები არიან 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. არ ველოდით, რადგან, როგორც წესი, სპორტით ან სხვა აქტივობით უფრო ინტერესდებიან მსგავსი ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდები".

აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, უბრალოდ, სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ და ის სივრცე, რაც მათთვის გაკეთდა, სჭირდებოდათ.

უნდათ, რომ შეხვედრებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების საშუალება ყოველდღიურად ჰქონდეთ. ამიტომ მერიაში განაცხადის შეტანას ფიქრობენ, რათა სოფელში არსებულ, ერთ-ერთ დაკეტილ შენობას ფუნქცია შესძინონ და ახალგაზრდულ კლუბად აქციონ. ეიმედებათ, რომ დათანხმდებიან და ახალგაზრდების თვითგანვითარებაზე ზრუნვას ხელს არავინ შეუშლის.

ნინი ახლა სტუდენტია, თბილისში სწავლობს და ფიქრობს, სწავლას ისე შეუთავსოს კლუბის საქმიანობა, რომ შავშებში ხშირად იყოს და წამოწყებულ საქმეს კარგად მიხედოს — იმისთვის, რომ სამომავლოდ სხვები იყვნენ მზად, მომავალ თაობაზე იზრუნონ და საკუთარი თემი განავითარონ.