7 წლის სირიელი გოგო ბანა ალაბედი, რომელიც მალალა იუსაფზაიმ ანა ფრანკს შეადარა ევაკუირებულია და თურქეთში, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბანა თვეების განმავლობაში ტვიტერზე ალეპოს ომის ამბებზე დედის დახმარებით წერდა და შველას ითხოვდა.

ის კვირას გვიან გაიყვანეს ალეპოს აღმოსავლეთიდან თავის 2 ძმასთან და მშობლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც ევაკუაციის შეჩერებული პროცესი გაგრძელდა.

ბანა ტვიტერზე 2016 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და ამ დროის განმავლობაში მან აღწერა თავისი მეგობრის სიკვდილი, ომი, სახლის დაკარგვა და ა.შ. ბანა გამუდმებით ითხოვდა ნორმალური ცხოვრების უფლებას.

ამ დროისთვის მას 330 ათასამდე გამომწერი ჰყავს, მათ შორისაა ჯოან როულინგი, რომელმაც ბანას ჰარი პოტერის ელექტრონული ვერსია გაუგზავნა.

ბანას დედამ ფატიმამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი ავტობუსში იყვნენ "გაჭედილები", როგორც მძევლები, და 24 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, დატოვებდა თუ არა ავტობუსი ქალაქს. ფატიმას თქმით, მათ არ ჰქონდათ არც წყალი და არც საჭმელი.

ვიდეოში, რომელიც ევაკუაციის შემდეგ თურქმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს, ფატიმა ყველას მადლობას უხდის.

"მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა. მე ბედნიერი ვარ, რადგან შევძელი ალეპოს ბავშვების ისტორიის მსოფლიოს ყურამდე მიტანა, მაგრამ უბედური ვარ, რადგან იქ ჩემი სული დავტოვე. მე ჩემი შვილებისთვის კარგი მომავალი მინდოდა, მაგრამ მათ გვაიძულეს ჩვენი ქვეყანა დაგვეტოვებინა".

ბანა ევაკუაციის შემდეგ