აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქალაქში პატრიოტთა ალიანსის მიერ განთავსებული ბანერების შინაარსი აბსოლუტურად მიუღებელია.

"აბსოლუტურად მიუღებელია ამ შინაარსის განცხადებებიც და, რა თქმა უნდა, ამას ხალხი ადეკვატურად შეაფასებს. ამავე დროს, შეუძლებელია ეს იქცეს რაღაც იაფფასიანი პოპულიზმის საგნად", — აცხადებს რიჟვაძე.

პრორუსულმა პარტიამ, პარტია პატრიოტთა ალიანსმა განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, პატრიოტთა ალიანსს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

თავად პატრიოტთა ალიანსში კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს ჰგონია, რომ ეს "აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ" მიმართული ქმედებაა. ინაშვილი ამტკიცებს, რომ თურქეთი ახორციელებს ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიას. მოსაზრების დასატმკიცებლად ის იშველიებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციებს ე.წ. ოსმალეთის იმპერიის თურქული გეგმების შესახებ.

პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორამციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ "თურქეთიც ოკუპანტია". მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტითურქული რიტორიკა. ამავდროულად, პარტია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკით.