კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

"ჩვენ ვმართავთ მოლაპარაკებებს, მათ შორის გაერთიანებულ ოპოზიციასთან ძალა ერთობაშია, მოკავშირეობასთან დაკავშირებით. არსებობს კონსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან, სადაც რამდენიმე პარტია შედის ამჟამად, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან", — განაცხადა ოქრიაშვილმა რ2-თან საუბარში.

ცეზარ ჩოჩელმა ასევე დაადასტურა, რომ მიდის მოლაპარაკებები გაერთიანებულ ოპოზიციასთან, რაშიც ყველა პარტია მონაწილეობს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა.

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. პარტია პროგრესი და თავისუფლება საარჩევნო სუბიექტად უკვე დარეგისტრირდა.

22 აგვისტოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ის დიმიტრი შაშკინთან და ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფება.

On.ge-ს კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას იწყებს, ოქრიაშვილი პასუხობს, რომ მისი მიზანია დაამარცხოს ოცნების კანდიდატი და "ეს არის მთელი ისტორია".