შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ქურდობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე თვეში, თბილისში კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში,ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი 6 ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.