პრინცესა დაიანის 60 წლის იუბილეზე, 2021 წლის 1-ლ ივლისს, ლონდონში მისი ქანდაკება დაიდგმება. ქანდაკებისთვის ლონდონის ცენტრში არსებული სამეფო პარკი — კენსინგტონის ბაღები შეირჩა.

ქანდაკება მისი შვილების, ვილიამისა და ჰარის დაკვეთით შეიქმნა. მასზე მუშაობა კიდევ 2017 წელს დაიწყო, თუმცა გახსნა პანდემიის გამო გადაიდო.

როცა ვილიამმა და ჰარიმ ქანდაკების შექმნის გადაწყვეტილება გააჟღერეს, მათ იმედი გამოთქვეს, რომ ის კენსინგტონის სასახლის ყველა სტუმარს დაეხმარება "დაფიქრდეს მის ცხოვრებასა და მემკვიდრეობაზე".

"დედაჩვენმა ძალიან ბევრის ცხოვრება შეცვალა", — აღნიშნეს მათ.

უელსის პრინცესას ხსოვნის უკვდავსაყოფად ლონდონში რამდენიმე მემორიალი არსებობს, მათ შორისაა კენსინგტონის სასახლეში საბავშვო მოედანი, ფანტანი ჰაიდ პარკში და ა.შ.

31 აგვისტოს 23 წელი გავა მას შემდეგ, რაც პრინცესა დაიანი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.