შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების შესახებ არანაირი რეგულაცია არ არსებობს. მისივე თქმით, იგი პირადადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება:

"მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს არანაირი რეგულაცია, არანაირი მოთხოვნა, არანაირი კანონი არ მავალდებულებს მე სტატისტიკის გამოქვეყნებას. მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამიყენებს."

გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაულის შესახებ სტატისტიკა წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს:

"ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც უნდა ისე ითვლის ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და არა ისე, როგორც ახლა მე, არამარტო მე, არამედ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტრო კედელთან გვაყენებენ და გვეუბნებიან, რომ ლამის არის კვირაში ერთხელ ვაქვეყნოთ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია."

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შსს-მ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება.

IDFI-მ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის 9 თვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014-2015 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემები შეადარა და დაადგინა, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.