ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ნორვეგიაში, შპიცბერგენის, იგივე სვალბარდის არქტიკულ კუნძულებზე პოლარულმა დათვმა კაცი მოკლა.

ცხოველი კაცს სვალბარდის არქიპელაგზე მდებარე მთავარი ქალაქის, ლონგიირბიუენის, მახლობელ ბანაკში დაესხა თავს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დათვს ესროლა და ის მოგვიანებით აეროპორტის მახლობლად მოკლული იპოვეს.

ექსპერტების განცხადებით, პოლარული დათვების სანადირო ტერიტორია თანდათან შემცირდა, რაც კლიმატის ცვლილების გამო არქტიკული ყინულოვანი საფარის დნობასთანაა კავშირში. ამან თეთრი დათვები აიძულა, საკვების ძიებაში დასახლებულ ტერიტორიებს მიახლოებოდნენ.

ამ უკანასკნელ შემთხვევამდე, ბოლო 50 წლის განმავლობაში პოლარული დათვის თავდასხმის მხოლოდ 5 სასიკვდილო შემთხვევა იყო აღრიცხული. მათგან ბოლო 2011 წელს მოხდა, როცა თეთრმა დათვმა 17 წლის ბრიტანელი მოსწავლე მოკლა და ექსპედიციის ოთხი სხვა მონაწილე დაასახიჩრა.

ნორვეგიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, არქიპელაგზე 3 000-მდე ადამიანი და თითქმის 1 000 პოლარული დათვი ცხოვრობს.

პოლარულმა დათვმა კაცი არქიპელაგის მთავარი ქალაქის, ლონგიირბიუენის, მახლობლად მდებარე ბანაკში მოკლა.

ფოტო: EPA

1973 წლიდან პოლარული დათვები დაცულ სახეობათა ნუსხაში არიან შეყვანილი და მათი მოკვლა მხოლოდ თავდაცვის შემთხვევაშია დაშვებული. სვალბარდის მცხოვრებებს კი ურჩევენ, რომ ქალაქგარე უბნებში სიარულისას მუდმივად ატარონ იარაღი.

ნორვეგიის გარდა, გასულ წლებში პოლარული დათვის თავდასხმის შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში, ბარენცის ზღვაში მდებარე ნოვაია ზემლიას კუნძულებზეც.

2019 წელს კუნძულის მთავარ დასახლებას, ბელუშია გუბას, გავრცელებული ცნობით, 52 დათვი დაესხა თავს, 2016 წელს კი ხუთი რუსი მეცნიერი ტროინოის კუნძულზე, ამინდის საველე სადგურზე მოექცა გარეული ცხოველების ალყაში.