ოქროს ხანის ოსტატის, ფრანს ჰალსის, მე-17 საუკუნის ნახატი ორი მოღიმარი ბიჭი ოთხშაბათს, 26 აგვისტოს, ნიდერლანდების მუზეუმის კედლიდან მოიპარეს.

ჰოლანდიის პოლიციის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ორი მოღიმარი ბიჭი უტრეხტის მახლობლად მდებარე ლერდამის მუზეუმიდან წაიღეს. ის მანამდე უკვე ორჯერ, 1988 და 2011 წლებში, მოიპარეს.

ქურდები 1626 წლის ნახატის მოსაპარად მუზეუმში, სავარაუდოდ, ღამის 3:30 საათზე უკანა კარიდან შეიპარნენ.

"წარმოდგენა არ გვაქვს, სად არის ნახატი ახლა", — თქვა ნიდერლანდების პოლიციის ცენტრალური განყოფილების წარმომადგენელმა ჰანეკე სანდერსმა.

კერძო მუზეუმის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. ის ამჟამად პანდემიის გამოა დაკეტილი.

2011 წელს — ისევე, როგორც 1988-ში — ორი მოღიმარი ბიჭი მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი ოსტატის, იაკობ ვან რუისდალის, ნახატთან ერთად მოიპარეს.

ხელოვნებასთან დაკავშირებული დანაშაულების ჰოლანდიელი კერძო დეტექტივის, არტურ ბრენდის, თქმით, 26 აგვისტოს ინციდენტი წინების მსგავსი იყო და დეტალურად შემუშავებულ ძარცვას არ ჰგავდა. ის ამბობს, რომ მუზეუმი პატარაა, ქურდები კი სწრაფები არიან. "განგაშის სიგნალი გაიცემა, მაგრამ ქურდები სამ წუთში უკვე წასულები არიან", — თქვა მან.

2011 წელს ნახატი დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ იპოვეს, პოლიციამ კი ამსტერდამის არეალში ოთხი ადამიანი დააკავა, 48-იდან 62 წლამდე პირები.

ჰოლანდიის პოლიციის უფროსი ფრანს ჰალსის ორ მოღიმარ ბიჭთან ერთად მას შემდეგ, რაც 2011 წელს ის დააბრუნეს

ფოტო: ANP

სანდერსის თქმით, 1988 წლის ძარცვის შემდეგ ნახატის დასაბრუნებლად სამი წელი გახდა საჭირო. დამნაშავეები ორივე შემთხვევაში დაისანჯნენ. "ამ გამოძიებაში ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ. ხალხს ვეკითხებით, ვიდეო ხომ არ აქვთ ან რამე ხომ არ დაუნახავთ; საქმის გამოსაძიებლად ყველანაირ დახმარებას მივესალმებით", — თქვა სანდერსმა.

ბრენდის თქმით, ჰალსის ნახატი "მნიშვნელოვანი ნამუშევარია" და ის "რამდენიმე მილიონი" ღირს. მისი აზრით, ნახატი ზუსტად შეირჩა, რადგან ის ადრეც მოუპარავთ და ქურდებმა მიიჩნიეს, რომ "ის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო".

"ახლა ქურდების კვალს მე მივყვები. მათ ძებნას მანამ გავაგრძელებ, სანამ არ ვიპოვი", — თქვა დეტექტივმა.