საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ოთხი თანამშრომლის საქმე შეისწავლა და გამოავლინა, რომ თანამშრომლების შრომითი უფლებები დაირღვა.

კერძოდ, გამოვლინდა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან დათხოვნის, თეონა თურმანიძის სატელევიზიო საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვისა და სოფიო ჟღენტისთვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლის შედეგად, მათი შრომითი უფლებები დაირღვა. ხოლო რეპორტიორის საქმიანობის განსახორციელებლად თეონა ხარაბაძისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა მის შრომით უფლებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენდა.

საგულისხმოა, რომ მალხაზ რეხვიაშვილისა და თეონა თურმანიძის უფლებების დარღვევა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელმა და არაპროპორციულმა ჩარევამ გამოიწვია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის შრომითი უფლებებში ჩარევის დროს, განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაცია მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიისა დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს რეკომენდაციით მიმართა, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და აღადგინოს მათი შრომითი უფლებები. ასევე, ბათილად ცნოს გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რომ რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქალაქ ქუთაისში და მისცეს მას სამსახურეობრივი მოვალეობის სრულად განხორციელების შესაძლებლობა.

რაც შეეხება მომავალში ნებისმიერი სახის საკადრო თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესს, სახალხო დამცველმა მოუწოდა, რომ დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და უზრუნველყოს დასაქმებულების უფლებების სრულყოფილი რეალიზება. ასევე, თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მიემართება, აღნიშნულია, რომ ბოლოს შესწავლილმა საქმეებმა კიდევ უფრო გაამწვავა ეჭვები მაუწყებელში დასაქმებული შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სათანადო უზრუნველყოფის, ასევე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

აჭარის მაუწყებლის კიდევ ერთი ჟურნალისტი ფეისბუქის პოსტის გამო სამსახურიდან გაუშვეს

Facebook-ზე პოზიციის დაფიქსირებისთვის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ეთერიდან მოხსნეს