Fortnite-ის ბოლო სეზონში მარველის ცნობილი გმირები გამოჩნდებიან. ახალს სეზონს Nexus War ერქმევა, სადაც მთავარი გმირები პლანეტის გამანადგურებელ მტერთან, Galactus-სთან საბრძოლველად გაერთიანდებიან.

სეზონში აირონ მენს, სტორმს, მისტიკს, გრუტს, შიჰალკს, თორს და სხვებს ვიხილავთ. მოგვიანებით კი სეზონს X-Men-ის პერსონაჟებიც დაემატებიან.

Epic-მა კომიქსიც გამოუშვა, სადაც სამომავლო ისტორია დეტალურადაა განხილული. კომიქსში ახსნილია, თუ როგორ გადაიკვეთებიან პერსონაჟები. როგორც კომიქსიდან ვიგებთ, კუნძულზე თავდაპირველად თორი და Galactus იმყოფებიან, დროთა განმავლობაში კი თორი დასახმარებლად სხვა გმირებს, აირონ მენს, ვოლვერინსს და კაპიტან ამერიკას შემოიკრებს.

თამაშში ცნობილი გმირები აქამდეც გამოჩენილან — Avengers-ის პერსონაჟებიდან დაწყებული, დედპულითა და აკვამენით დამთავრებული.

რა თქმა უნდა, ახალი სეზონის გარდა Fortnite-ში ბევრი სხვა სიახლეცაა. Epic ამჟამად Apple-თან და Google-თან სამართლებრივ ბრძოლაშია ჩართული. როცა კომპანიამ თამაშში პირდაპირი გადახდების სისტემა დაამატა, ორმა გიგანტმა Fortnite პლატფორმებიდან გააქრო. შედეგად, Epic-მა სარჩელი შეიტანა.

ამის გამო თამაშის ახალი სეზონი პირველი იქნება, რომლის ყველა პლატფორმაზე თამაშსაც ვერ შევძლებთ. მათ, ვინც Apple-ის მოწყობილობებით თამაშობს — იქნება ეს iPhone, iPad თუ Mac — უკანასკნელ განახლებაზე წვდომა არ ექნებათ.