პატარა ფირფიტლაყუჩიანი ზვიგენი Galeus melastomus კატისებრთა ზვიგენების წარმომადგენელია და ის ზომაში საკმაოდ პატარაა, ადამიანებისთვის კი საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს.

სარდინიაში მკვლევრები უცნაურ სანახაობას გადააწყდნენ. მათ მიერ აღმოჩენილ ფირფიტლაყუჩიან ზვიგენს კანი საერთოდ არ ჰქონდა. ეს გასაკვირი იმიტომაა, რომ ამ ცხოველისთვის კანი ქიმიურ და ფიზიკურ თავდაცვას წარმოადგენს. ის წარმოქმნის სპეციალურ ლორწოს, რომელიც ანტიმიკრობულ ცილებს გამოიმუშავებს და იმუნურ სისტემას ბაქტერიებისგან და პარაზიტებისგან დაცვაში ეხმარება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კანი ამ ცხოველისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მკვლევრებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც 500 მეტრის სიღრმეზე მათ სრულიად ჯანმრთელი, სრულად განვითარებული, თუმცა უკანო ფირფიტლაყუჩიანი ზვიგენი იპოვეს.

ფოტო: Antonello Mulas of the University of Cagliari, Italy

უცნაური კიდევ ის იყო, რომ ამ ზვიგენს კბილებიც კი არ ჰქონდა. მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი აღმოჩენა Fish Biology-ში გამოაქვეყნეს, ამბობენ, რომ კანის და კბილების ნაკლებობა, სავარაუდოდ, ანთროპოგენურმა აქტივობამ განაპირობა.

ოკეანის დათბობამ, მაღალმა მჟავიანობამ და დაბინძურებამ, სავარაუდოდ, ამ ზვიგენის სრულ განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა. მკვლევრები ამბობენ, რომ სწაფად ცვალებად გარემოს სათანადო შესწავლა წყლის სიცოცხლის კონსერვაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს, რა იწვევს მსგავს ანომალიებს.